რუსეთ-საქართველო

მოსახლეობის მხოლოდ 18% არის რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი  – GFSIS-ის კვლევა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (GFSIS) ფრიდრიხ ებერტის ფონდის დახმარებით კვლევა ჩაატარა თემაზე - დამოკიდებულებები და აღქმები რუსეთის მიმართ საქართველოში და საქართველოს მიმართ რუსეთში. გამოკითხვა ჩატარდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 52% რუსების მიმართ დადებითად არის განწყობილი, 39% ნეიტრალურად, ხოლო 7% უარყოფითად. რაც შეეხება რუსეთის სახელმწიფოს, მის მიმართ მოსახლეობის მხოლოდ  18% არის განწყობილი დადებითად, 34% ნეიტრალურად, ხოლო 45% უარყოფითად.


შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 60%-ს საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობის მთავარ დაბრკოლებათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მიაჩნია, 30%-ს მოსკოვის სურვილი, საქართველო მის გავლენის სფეროში დააბრუნოს, 22%-ს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკა, ხოლო 18%-ს რუსეთის ხელისუფლების სათავეში მყოფი პიროვნებები.

 რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის 38% ქართველების მიმართ დადებითად არის განწყობილი, 49% ნეიტრალურად, ხოლო 9% ნეგატიურად. რაც შეეხება საქართველოს, მის მიმართ მოსახლეობის 30% დადებითად არის განწყობილი, 52% ნეიტრალურად, ხოლო 8% უარყოფითად. 

კვლევის შედეგად, რუსეთში გამოკითხულთა 22%-ის აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობის მთავარ დაბრკოლებას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირების პოლიტიკა წარმოადგენს, 13%-ის აზრით, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური უთანხმოება, 10%-ის აზრით, საქართველოს მიერ რუსეთის პოლიტიკის მიუღებლობა, 7% ამის მიზეზად კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს მიიჩნევს და მხოლოდ 5% მიიჩნევს მთავარ დაბრკოლებად რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარდაჭერას.
 



კვლევა ჩაატარა  კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2021 წელს, 9-16 თებერვლის შუალედშიკვლევა მოიცავდა რაოდენობრივ კვლევას, კერძოდ სატელეფონო ინტერვიუს (CAPI) და აგრეთვე თვისებრივ ონლაინ ფოკუს-ჯგუფს. ჯამში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით, ქვეყნის მასშტაბით 1851 18+ ასაკის ადამიანი გამოიკითხა სატელეფონო ინტერვიუს სახით. დამატებით 24 ფოკუს ჯგუფი ჩატარდა 12 ლოკაციაზე. ფოკუს ჯგუფები ჩატარდა დამოუკიდებლად, 18-44 წელს და 45 წელს ზემოთ ადამიანებს შორის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 1.46%

ასევე, 2021 წლის 10 თებერვლიდან 6 მარტის შუალედში რუსეთის გენერალური პოპულაციის სატელეფონო გამოკითხვა განხორციელდა რეპრეზენტატული ალბათური შერჩევის მოდელით, კონკრეტულად, გამოიყენეს შემთხვევით შერჩევა 18+ ასაკის პოპულაციაში. გამოკითხვა ჩატარდა 8 ფედერალურ ოკრუგში და ეფექტური შერჩევის ზომა იყო 1506 ადამიანი.

 

კომენტარები