17 მაისი

ნაცვლიშვილი ბრეგაძეს: 17 მაისის საქმიდან გამომდინარე, 5 ივლისზეც იგივე რისკებს ხო არ ხედავთ?

საქართველოს პარლამენტი

ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოსთვის 2013 წლის 17 მაისის გამო €193 500-ის კომპენსაციის დაწესებასა და 2021 წლის 5 ივლისის შესახებ კითხა.

"არაფერი გითქვამთ იმ ძალიან მნიშვნელოვან დავაზე, რომელიც საქართველომ წააგო, თქვენი წინამორბედი [თეა წულუკიანი] იყო მაშინ მინისტრი, ეს არის 17 მაისის საქმე და ძალიან დიდი კომპენსაცია დაეკისრა სახელმწიფოს.

17 მაისის საქმიდან გამომდინარე, ხო არ ფიქრობთ, ხო არ ხედავთ იგივე რისკებს 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით და ხო არ გინდათ გამოიყენოთ საპარლამენტო ტრიბუნა იმისთვის, რომ შესაბამის უწყებებს თქვენი მოსაზრება გაუზიაროთ, რომ 5 ივლისი ამბავი მაინც გამოიძიონ, რომ იგივე ტიპის ამბავი არ მოხდეს და კიდევ არ წააგოს საქართველომ ძალიან სამარცხვინოდ კიდევ ერთი საერთაშორისო დავა და გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან არ წავიდეს მერე კომპენსაციის თანხები. ამასთან კავშირში, ხო არ ფიქრობთ, რომ ის ადამიანები და ჯგუფები, რომლებმაც 5 ივლისი აღასრულეს, ნაცვლად იმისა, რომ დაგირეგისტრირებინათ, როგორც პოლიტიკური ძალა სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყვნენ დღეს მიცემულნი", - კითხა ნაცვლიშვილმა ბრეგაძეს.

16 დეკემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა 2013 წლის 17 მაისის შესახებ, რომლის მიხედვითაც სასამართლომ დაადგინა რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი მე-14-სთან ერთად, რაც გულისხმობს LGBTQ+ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულად არაადამიანურ მოპყრობას. სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაზარალებულებისთვის ჯამურად €193 500-ის გადახდა დააკისრა.

2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მცირერიცხოვანი აქცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურობით ათასობით ადამიანმა დაარბია. მათ არაერთ მონაწილეზე იძალადეს. 2014 წლიდან საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ყოველწლიურად აღნიშნავს.

საქართველოში 17 მაისის დღის გამოცდილებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები