საგარეო ვაჭრობა

თურნავა: წელს დავასრულებთ ისე, როგორი პროგნოზიც გვქონდა – ორნიშნა ეკონომიკური ზრდით

"გრძელდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით ქართული ნაწარმის ექსპორტი". - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას ისაუბრა. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1 443.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 41.2%-ით მეტია. იმპორტმა ნოემბერში 1.01 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 40.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებაზე, ექსპორტმა კი 428.9 მლნ აშშ დოლარი, რაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 42.7%-ით მეტია 2020 წლის ნოემბრის ექსპორტზე.

მთლიანად, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 828.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.2% მეტია. აქედან, ექსპორტი 3 822.3 მლნ აშშ დოლარი იყო (26.7%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 9 006.0 მლნ აშშ დოლარი (24.5%-ით მეტი).

"ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით". - თქვა თურნავამ.

კომენტარები