სახალხო დამცველი

"შეწყვიტეთ სახალხო დამცველზე თავდასხმები" – არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ გახშირებული თავდასხმების გამო "უკიდურეს შეშფოთებას" გამოთქვამენ. ორგანიზაციების განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც მან სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეული ექიმების ჯგუფის პოლიტიკურ მიკერძოებასა და შესაძლო პირდაპირ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა. 

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელსაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა ევალება. შესაბამისად, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მონიტორინგი, ისევე, როგორც გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი ვალდებულებაა. შესაბამისად, სახალხო დამცველის საქმიანობა ვერანაირად ვერ გახდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი და ირაკლი კობახიძის განცხადების მიზანი ამ ინსტიტუტის საქმიანობის ხელშეშლა და მასზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობა იყო. 

მეტიც, აღნიშნული განცხადება სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, წარმოადგენს უხეშ ჩარევას სახალხო დამცველის საქმიანობაში და, შესაძლოა, კანონმდებლობით დასჯადი ქმედების ნიშნებსაც კი შეიცავდეს. გარდა ამისა, დაუშვებელია, სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების პასუხისმგებლობაზე მითითებაც, როდესაც ისინი საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულება ვერ გახდება რაიმე სახის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი". – წერია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წერენ, რომ სამწუხაროდ, ქართული ოცნების წევრებისთვის უკვე ჩვევად იქცა, დისკრედიტაციის მიზნით, სახალხო დამცველის შესახებ დაუსაბუთებელი, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები.

"შევახსენებთ საზოგადოებას, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ერთ-ერთი ბოლო ასეთი განცხადება ფაქტობრივად პირდაპირ შეიცავდა აღიარებას, რომ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელიც კი მმართველი გუნდის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს". 

ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტონ თავდასხმები სახალხო დამცველის მიმართ და შექმნან ყველა პირობა კონსტიტუციური ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობისთის. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • საფარი
  • საზოგადოება და ბანკები
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • მედიის განვითარების ფონდი
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის 

კომენტარები