ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია

რუსეთში ნავალნის რეგიონული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს

ლილია ჩანიშევა
Twitter

რუსეთში, ქალაქ უფაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის რეგიონული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ლილია ჩანიშევა დააკავეს. ქალაქ უფას სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ადვოკატი ვლადიმირ ვორონინი ავრცელებს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ჩანიშევა პირველია, ვინც "ექსტრემისტული საზოგადოების" შექმნის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს. გამოძიება ალექსეი ნავალნისა და მისი ახლო თანამოაზრეების კავშირებს იძიებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 6-10-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვორონონის თქმით, მოსამართლე 20 წუთი განიხილავდა ჩანიშევას საქმეს და არ გაითვალისწინა, ბრალდებულის არგუმენტები ორსულობის შესახებ.

სექტემბერში საგამოძიებო კომიტეტმა ალექსეი ნავალნის და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ექსტრემისტული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ოქტომბერში ეს საქმე გააერთიანეს ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ 4 საქმესთან.

გაზაფუხლზე ალექსეი ნავალნის რეგიონური ოფისები დაიშალა. 30 აპრილს ნავალნის რეგიონული ოფისების ქსელი "ტერორიზმსა და ექსტრემიზმში" ჩართულ ორგანიზაციათა სიაში შეიყვანა.


2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები