მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეგნანი: სახალხო დამცველის ოფისი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს

კელი დეგნანი
US Embassy Tbilisi, Georgia

საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის თქმით, სახალხო დამცველის ოფისი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს. ჟურნალისტებმა ელჩს კითხვა ქართული ოცნების მიერ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას კრიტიკასთან დაკავშირებით დაუსვეს.

"მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი ასრულებს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში. და ვთვლი, რომ სახალხო დამცველის ოფისი თბილისში და ბათუმშიც შედგება საკუთარი საქმის ერთგული პროფესიონალებისგან და კრიტიკის ნაცვლად ისინი ქებას იმსახურებენ." – თქვა დეგნანმა.

კელი დეგნანი სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს ბათუმშიც შეხვდა და აჭარის რეგიონში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. ელჩმა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახალხო დამცველის როლს გაუსვა ხაზი.

"სახალხო დამცველის ოფისი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს საზოგადოებაში, ისევე როგორც სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის, დემოკრატიული ფასეულობების დამცველი ნებისმიერ საზოგადოებაში მათ შორის საქართველოში." – თქვა დეგნანმა.

დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველი პარტიულ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ნინი ლომჯარია აჩვენებს, რატომ არ შეიძლება თანამდებობის მიცემა "ნაცმოძრაობისთვის".

"სახალხო დამცველს და ნაცმოძრაობის დანარჩენ წარმომადგენლებს აქვთ ერთიდაიგივე დღის წესრიგი. ერთადერთი მიზეზით უნდათ მათ სააკაშვილის რამენაირად სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე." – თქვა კობახიძემ.


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გუშინ, 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს.

კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი.

მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს.

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები