მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

ვაშაძე: 8 ნოემბრის აქციაზე აუცილებლად ვიქნები, დავიხსნათ ქვეყანა დაპირისპირებისგან

მე პირადად აუცილებლად ვიქნები დღეს დაანონსებულ აქციაზე ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ აქციები, პროტესტი, ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც აუცილებელია, გამოყენებული იქნეს იმისთვის, რომ მშვიდობიანი პროტესტით მივაღწიოთ და დავიხსნათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან.

ვითარება, რომელიც დღეს არის, შეუძლებელია ასე გაგრძელდეს, წარმოუდგენელია, ყოველ წუთს ვიყოთ მძიმე ფიზიკური დაპირისპირების  საფრთხის წინაშე, ამიტომ ვაპირებთ მშვიდობიანად მივიღოთ მონაწილეობა აქციაში

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, 8 ნოემბერს, 20:00-ზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას მიიღებს.

6 ნოემბერს რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ნიკა მელიამ ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიანი ვადა მისცა და თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართებოდა.

7 ნოემბრის საღამოს გამართულ ბრიფინგზე მელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა და "ყველამ ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ".

კომენტარები