ენერგოკრიზისი ევროპაში

ენერგოკრიზისისა და მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, OPEC+ ნავთობის მოპოვების ტემპს არ ზრდის

ევროპაში მიმდინარე მწვავე ენერგოკრიზისისა და ნავთობპროდუქტებზე უპრეცედენტოდ გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, ნავთობის მწარმოებელთა კავშირი OPEC+ არსებულ გეგმას მიჰყვება და მოპოვების ტემპს მოთხოვნის შესაბამისად არ გაზრდის

OPEC-ის გეგმა ნავთობის წარმოების ყოველთვიურად 400 000 ბარელით გაზრდას გულისხმობს, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. 

პანდემიის დასაწყისში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შემცირებული მოთხოვნის საპასუხოდ, OPEC+მა ნავთობის მიწოდება შეზღუდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ევროპის მასშტაბით რეგულაციების უდიდესი ნაწილი მოხსნილია და სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, OPEC+ მიწოდებას არ ზრდის, რაც ნავთობსა და გაზზე ფასების რეკორდული ტემპით ზრდას იწვევს. 

აღსანიშნავია, ევროპაში მოსახლეობის ნაწილი გაზიდან დიზელისა და მაზუთის მოხმარებაზე გადავიდა, რაც, შეზღუდული მიწოდების პირობებში, კიდევ უფრო მეტად ზრდის ნავთობის ფასს.

ეკონომისტთა ნაწილი ნავთობის დეფიციტს და საწვავის მკვეთრ გაძვირებას ჯერ კიდევ გასულ წელს ვარაუდობდა, აშშ კი დეკემბრიდან მოითხოვდა წარმოების ზრდას, მიუხედავად ამისა, OPEC-ს მიწოდება არ გაუზრდია. 

ამჟამინდელი მონაცემებით, საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 81-86 დოლარის ფარგლებში მერყეობს და ანალიტიკოსების ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ნავთობის ფასმა, შესაძლოა, 100 დოლარსაც მიაღწიოს. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება  საქართველოში საწვავის ფასების ზრდაზე აისახება. 

"საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და, სამწუხაროდ, პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებასთან. 

ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, რომ კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს". – ამბობს WISSOL-ის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე. 


კომენტარები