იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ჰარცელი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაჩქარევად დანიშვნა მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას ეხმაურება. ჰარცელი პროცესს ნაჩქარევს, გაუმჭვირვალესა და არაკონკურენტულს უწოდებს და წერს, რომ ეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სასამართლოს სისტემის მე-5 უკან გადადგმული ნაბიჯია.

"დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ის მოჰყვა 12 ივლისს, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, რომელსაც ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა ევროკავშირის დამატებით 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარების მისაღებად 2021 წლის სექტემბერში, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე უარის თქმა 7 სექტემბერს; დღემდე არ მომხდარა 5 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტისა და აქტივისტის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სანდო გამოძიება და ორგანიზატორების დასჯა". – ნათქვამია განცხადებაში.

ელჩის განცხადების თანახმად, ეს მოვნელები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა, ეს ვალდებულება კი პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე აიღეს.

"ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე". – ნათქვამია განცხადებაში.

31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ XXX კონფერენციაზე ორი ახალი მოსამართლე წევრი აირჩია. კონფერენციამდე უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტა საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, თამარ ონიანმა, რომელსაც უფლებამოსილება 2022 წლის 24 მარტს ეწურებოდა და თეა ლეონიძემ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზუსტად ერთი წლის წინ იქნა არჩეული.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მიიჩნევს, რომ წევრთა დანიშვნა წარმოდგენს სასამართლოში არსებული კლანის წარმატებულ მცდელობას, სხვა საკითხებზე მიმართული საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე დააკომპლექტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისთვის სანდო და ლოიალური მოსამართლეებით და მომდევნო წლების განმავლობაში გარანტირებულად შეინარჩუნოს გავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე.

კომენტარები