არჩევნები 2021

ოპოზიციის შედეგი – პირველ ტურში გამარჯვებულები და კანდიდატები მეორე ტურში

არჩევნები 2021

ოპოზიციის შედეგი – პირველ ტურში გამარჯვებულები და კანდიდატები მეორე ტურში

საქართველოში 30 ოქტომბერს 2021 წლის ადგილოვირივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მერებისა და საკრებულოს წევრთა არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ერთეულსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდება. 20 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად 17-ში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გადავიდა, 3-ში კი სხვა პარტიების კანდიდატები – გახარია – საქართველოსთვის (ცაგერში), ერთიანი საქართველოსთვის (თიანეთში), დამოუკიდებელი კანდიდატი (ოზურგეთში).

ტაბულა დაინტერესდა პირველ ტურში გამარჯვებული და  მეორე ტურში გადასული ოპოზიციური კანდიდატების წარმატების მიზეზებით, მოლოდინებითა და გამოწვევებით.

თბილისის 10 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური მხოლოდ 1-ში, საბურთალოზე გაიმართება. გამარჯვებისთვის ქართული ოცნების კანდიდატი, ავთანდილ ცინცაძე და ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანხმებული კანდიდატი პარტია გირჩი – მეტი თავისუფლებიდან, ბორის ყურუა იბრძოლენენ.

საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბორის ყურუას ვკითხეთ, თუ რა იყო მისი წარმატების მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ნაწილს შეთანხმებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისის ყველა ოლქში ჰყავდა. ყურუას თქმით, საბურთალოზე ოპოზიციურ კანდიდატებს შორის ხმები ისე გადანაწილდა, რომ ქართული ოცნების კანდიდატს პირველივე ტურში გამარჯვების საშუალება არ მიეცა, ამის მიზეზი კი, შესაძლოა, კანდიდატის ცნობადობა და უბნის თავისებურებაც ყოფილიყო.

მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის შედეგები საბურთალოს ოლქში / ცესკო

"რა თქმა უნდა, არც ისე კარგია, რომ მხოლოდ ერთი ოპოზიცური კანდიდატი გადავიდა მეორე ტურში და მგონია, რომ ბევრი ასპექტი იყო. ადამიანები საუბრობენ ცნობადობაზე, უბნის თავისებურებაზე და ასე შემდეგ, თუმცა ჩემზე ცნობილი კანდიდატები იყვნენ, მაგალითად, ელენე ხოშტარია გლდანში, მაგრამ საბურთალოზე ბევრად მეტი ოპოზიციური კანდიდატი იყო და შესაბამისად, ხმები ისე გადანაწილდა, რომ ქართული ოცნების კანდიდატს არ მივეცით პირველივე ტურში გამარჯვების საშუალება. ახლა სრულად ოპოზიცია ვცდილობთ, რომ დავამარცხოთ ერთობლივი ძალებით. მათ შორის, მეთანამშრომლებიან ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ოპოზიციურ შეთანხმებაში". – თქვა ყურუამ.

ბორის ყურუას აზრით, ოპოზიციური პარტიები მეორე ტურში გადასულ კანდიდატთან თანამშრომლობენ, თუმცა მიაჩნია, რომ ეს არ არის მათი მხარდამჭერების ხმების მიღების გარანტია. მისივე თქმით, ამომრჩევლებს, რომლებსაც სურთ ქართული ოცნების მმართველობის დასრულება, მხარს მას დაუჭერენ

"მაგალითად, ვატო სურგულაძე, რომელიც იყო ლელოს კანდიდატი, ახლა ჩემთან არის, მეხმარება. ერთად ვცდილობთ, რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება, თუმცა არ მგონია, გარანტირებული ხმები რომელიმე პარტიას ჰქონდეს. ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ ამომრჩევლებს ავუხსნათ ამ არჩევნების მნიშვნელობა და ავუხსნათ, რომ ახლა ქართული ოცნების დამარცხება უმნიშვნელოვანესია. თუ ამას მოვახერხებთ, მე მივიღებ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების ხმას, რომლებიც მოვიდნენ არჩევნების პირველ ტურზე და სხვა კანდიდატებს დაუჭირეს მხარი. არ მგონია, რომ გარანტირებული ხმები შეიძლება მქონდეს რომელიმე პარტიისგან, რომელიც მოვა და მეტყვის, ჩემი ხმები შენთან წამოვა, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც უნდათ ქართული ოცნების მმართველობის დასრულება, აუცილებლად მოვლენ არჩევნებზე და მე დამიჭერენ მხარს".  თქვა ყურუამ.

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასევე საუბრობს ქართული ოცნების ოპონირებასა და მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაზე. ყურუა აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის კანდიდატის ძირითადი წინასაარჩევნო ქმედება გაყალბება და ამომრჩეველთა მოსყიდვა იყო.

"ქართული ოცნების კანდიდატი საბურთალოზე, ავთანდილ ცინცაძე ძალიან მშვიდი, წყნარი ადამიანია, არც მედებატება, არც მეკამათება. ბოლოს ჩაის დალევა შევთავაზე და ამაზეც არ მეუბნება პასუხს. მთელი კამპანიის პერიოდში დადიოდა ჩუმად და თავის პარტაქტივს ხვდებოდა. როცა მე ვხვდები ადამიანებს, ისინი მეუბნებიან, რომ თვალით არ უნახავთ და მისი არსებობის ერთადერთი მტკიცებულება ის ვიდეოა, რომელშიც ის ჩანს და ძალიან ცოტას საუბრობს".  ამბობს ყურუა.

ტაბულა ასევე ესაუბრა თელავის თვითმმართველ თემში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს, რომელიც ქართული ოცნების კანდიდატთან ერთად, მეორე ტურში გადავიდა და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 1%-ია.

თელავის მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგები / ცესკო

ამომრჩეველთა მხარდაჭერის მიღების წარმატებაზე საუბრისას ბოტკოველი ხაზსს უსვამს, რომ მას მოსახლეობასთან ურთიერთობა არც არჩევნებამდე შეუწყვიტავს, რასაც მოქალაქეები ყველაზე მეტად აფასებენ.

"ალბათ, წარმატების მიზეზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხალხთან აქტიური მუშაობა იყო, მათ პრობლემებზე მუშაობა, რომელიც მრავლადაა დღეს. მე არც არასაარჩევნო პერიოდში არ შემიწყვიტავს მათთან მუშაობა და, ვფიქრობ, რომ სწორედ იმ ყურადღებას და მათი პრობლემების მოგვარებზე ზრუნვას აფასებს პირველ რიგში ხალხი".  ამბობს ბოტკოველი ტაბულასთან საუბარში.

ტაბულამ გიორგი ბოტკოველს ასევე ჰკითხა მეორე ტურში ოპოზიციური კოორდინაციის შესახებ. კანდიდატის თქმით, მას მუდმივი კოორდინაცია, პირველ რიგში, ამომრჩეველთან აქვს და არ აქვს მნიშვნელობა პარტიების ლიდერები რა განცხადებებს გააკეთებენ.

"რა თქმა უნდა, მათ უნდა გადაწყვიტონ, მომცემენ თუ არა ხმას და ეს კითხვა ოდნავ უცნაურია ჩემთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომელმაც სხვა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა ხმა არა მარტო თელავში, არამედ მთელ საქართველოში, ცვლილებების მომხრენი არიან და ქართული ოცნების მმართველობის დასასრულებლად იყო მათ მიერ ოპოზიციისთვის მიცემული ხმა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის ლიდერი რა განცხადებას გააკეთებს. აქ მთავარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, რომელსაც ამ ქვეყანაში ცვლილებები სურს".  ამბობს ბოტკოველი.

მმართველი პარტიის ოპონირებაზე საუბრისას ბოტკოველი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მხრიდან არჩევნების გაყალბების მცდელობა კვლავაც მრავალნაირი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არსებული შედეგი დადგა.

"ყველა მავნებლური მეთოდი იქნა გამოყენებული ქართული ოცნების მიერ. დაწყებული ადამიანების მოსყიდვით, სიძულვილის ენის თესთვით, ადამიანებისთვის მთავარი კონსტიტუციური უფლების - ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის ჩამორთმევის. იყო კონკრეტული ფაქტები, როდესაც ხდებოდა ოპოზიციის მხარდამჭერი ადამიანებისთვის პირადობის მოწმობის ჩამორთმევა, გამოსყიდვა, რომ მათ არ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა დადგა ის შედეგი, რაც დადგა და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მთავარია ადამიანების აქტიურობა. იქნება აქტიურობა, გაიმარჯვებს ხალხი".  თქვა ბოტკოველმა.

ტაბულა ასევე ესაუბრა ონის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გადასულ კანდიდატს ლელოდან, თეიმურაზ დევიძეს, რომელიც მაჟორიტარულ არჩევნებში პარტიიდან მეორე ტურში გადასული კანდიდატია.

მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის შედეგები ონის მე-7 ოლქში / ცესკო

"მოსახლეობას ვპირდებოდით სოფლის განვითარებას, გზების გაყვანას და წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარებას. Მთავარი პრობლემა გზა და წყალია  სოფელს ბევრი პრობლემა აქვს . თითქმის ყველა სოფელში ძირითადი პრობლემა გზა და წყალია.  მე მგონია, რომ იმ ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლები, რომლებმაც მე ხმა არ მომცეს, 80% ჩემკენ წამოვა".  ამბობს დევიძე ტაბულასთან საუბარში. 

 

გამარჯვებული კანდიდატები

ცოტნე აბესაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია, რომელმაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში ქართული ოცნების წარმომადგენელი დაამარცხა. აბესაძემ ოლქში ხმების 50.42% მიიღო, მისმა კონკურენტმა კი  43.75%   

მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ტყიბულის მე-9 ოლქში / ცესკო

23 წლის ცოტნე აბესაძე მაჟორიტარობის კანდიდატი პირველად იყო  ენმ-ის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ქართულ პოლიტიკაში ცვლილებების დროა და "ახალგაზრდა თაობამ თამამად უნდა თქვას საკუთარი სიტყვა მომავლის მშენელობის საქმეში".  

"ვარ 23 წლის. დავიბადე და გავიზარდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში. აქ დავამთავრე საჯარო სკოლა, შემდეგ სწავლა გავაგრძელე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოვიპოვე ისტორიის საბაკალავრო ხარისხი. ამის შემდეგ სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში-ჯიპას (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის) ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე. დღეს ვარ მაგისტრატურის მეორე კურსზე. 

17 წლის ვიყავი, როდესაც დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია მაღალმთიან სოფელ მუხურაში, რომლის მთავარი მიზანი ჩემი მშობლიური მხარის განვითრება იყო და არის.

ბავშვობიდან მაინტერესებდა პოლიტიკა და მიხარია, რომ მომეცა შესაძებლობა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ჩემი მშობლიური მხარის განვითარებაში, ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში ცვლილებების დროა, ახალგაზრდა თაობამ თამამად უნდა თქვას საკუთარი სიტყვა ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობის საქმეში".  ამბობს აბესაძე

ტაბულა დაინტერესდა, რა გამოარჩევდა გამარჯვებული კანდიდატის კამპანიას, რით განსხვავდებოდა წარსულის გამოცდილებიდან. 

"ჩვენი კამპანია იყო ძალიან აქტიური, ყოველდღიური და ზედმიწევნით პოზიტიური. უარი ვთქვით წარსულით გამუდმებულ აპელირებაზე და ოპონენტების დაკნინებით საკუთარი რეიტინგების ზრდაზე. ჩვენ ვსაუბრობით მომავალზე, იმ აუცილებელ საჭიროებებზე რაც უკეთესი მომავლის შესაქმნელად საჭიროა, ვესვაუბრებოდით ხალხს ჩვენს ხედვებზე, გეგმებზე, მიზნებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს მათი ყოლედღიურობა, როგორ შეიძლება მოვიდეს ცვლილებები და იმაზე, რომ აუცილებელია ცვლილება, თუნდაც კარგი ხელისუფალისაც კი.

საერთოდ აკრძალული გვქონდა ზიზღის და ოპონენტების დამცირების ენა  ხალხი ძალიან დაღლილია გამუდმებული სიძულვილის ენით, ურთიერთდაპირისპირებით, ერთმანეთის ლანძღვით, რევანშებითა და შურისძიებებით. ხალხს სჭირდება გაუჩნდეს განცდა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრებას აქვს აზრი, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება იყო პერსპექტიული და წარმატებული, რომ თუ წარმატებს გინდა მიაღწიო, ერთადერთი გზა არ უნა იყოს საზღვარგარეთ წასვლა".  ამბობს აბესაძე.  

კითხვაზე, თუ როგორ მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა, რამ გაამართლა მის შემთხვევაში, აბესაძე პასუხობს, რომ სოფლის მოსახლეობას ის არჩევნების წინა თვეში არ გაუცვნია  გამარჯვებულმა მაჟორიტარმა წლების წინ არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა, რომელიც მუხურში სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა. 

"მე არ გამოვჩენილვარ ჩემს ხალხთან არჩევნების წინა თვეში და არ მითხოვია მათთვის მხარდაჭერა. 5  წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა აქ დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია და იმ დღიდან დღემდე არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ ჩვენ არ გვემუშავა, არ გვეფიქრა, არ გვებრძოლა ჩვენი მშობლიური კუთხის კეთილდღეობისთვის. ამ პერიოდში იყო წარმატებებიც და მარცხიც, მაგრამ იყო ბრძოლა, გაუჩერებელი და უკომპრომისო.

გვჯეროდა და ვცდილობდით დაგვეჯერებინა სხვისთვისაც, რომ აქ კიდევ შესაძლებელია დიდი და მასშტაბური პროექტების განხორციელება, ვებრძოდით და ვებრძვით გაუკაცრიელებას და დემოგრაფიულ ვარდნას.  ვაწყობდით საქველმოქმედო აქციებს, ვაჯილდოვებდით პირველკლასელებს, საფუძველი ჩავუყარეთ სპორტულ შეჯიბრებებს, რომელმაც ტრადიციული ხასიათი მიიღო, დავნერგეთ ინტელექტუალური შეჯიბრებებიც ახალგაზრდებში, ვითხოვდით და ვიბრძოდით მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოსაპოვებლდ, ვიბრძოდით და ვიბრძვით ახალი და ალტერნატიული- თერჯოლასთნ დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მოთხოვნით, ვაწყობდით დასუფთავების აქციებს, მუდმივად ვზრუნავდით ჩვენი მშობლიური მხარის პოპულარიზაციაზე და სხვ. საბოლოო ჯამში, ალბათ ამ ყველაფრის შედეგი იყო და არის ის ნდობა, რომელიც ხალხმა გამოხატა არჩევნებზე და რომელიც, ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელია".  ამბობს ის.  

ცოტნე აბესაძე თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს მთავარი სირთულე ფინანსებს უკავშირდებოდა, რადგან, ბიუჯეტის სიმცირის გამო მმართველ პარტიას საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ. 

ტაბულა დაინტერესდა პრობლემებით, რომელთა მოგვარებისთვისაც ცოტნე აბესაძე იზრუნებს. მისი განმარტებით, მუხურაში მრავალი ასეთი საკითხია  მათ შორის, სამედიცინო მომსახურება და გზა.

"პირველი საკითხი რაც დაუყონებლივ გადასაჭრელი და მოსაგვარებელია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობას უკავშირდება, ამ კუთხით არის პრობლემები. აქ ძალიან რთულდება გადაადგილება ზამთარში და ხშირად მუნიციპალურ ცენტრთან – ტყიბულთან დაკავშირება შეუძლებელი ხდება, ამდენად მოსახლეობის ძალიან დაჟინებული და სწორი მოთხოვნაა ადგილზე მუდმივად მყოფი სამედიცინო ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოემსახურება პაციენტებს.

ასევე, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუხურა-თერჯოლის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის დაგება, ვინაიდან, როგორც ვთქვით, სოფელი მუხურა ზამთარში მოწყვეტილია მუდმივ კავშირს გარესამყაროსგან, ის ერთადერთი გზა, რომლითაც სოფელი გარესამყაროს უკავშირდება მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთ დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე, ამ გზაზე უხვი ნალექის შედეგად მუდმივად ფერხდება ან წყდება საავტომობილო გადაადგილება. შესაბამისად, აუცილებელია ალტერნატიული, მუხურა-თერჯოლის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სოფელ მუხურას მუდმივი კონტაქტით თერჯოლის მუნიციპალიტეტთან".  ამბობს ის.  

როლანდ მესხი ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატია, რომელმაც თერჯოლის 3 სოფელში მმართველი პარტიის წარმომადგენელი დაამარცხა. მესხს სოფლებში ლელო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელიც უჭერდა მხარს. 

მაჟორიტარული არჩევნების შედეგები თერჯოლის მე-4 ოლქში / ცესკო

"რა თქმა უნდა, მარტო ვერაფერს გავაკეთებდი, გუნდი მყავდა ჩემი  ევროპული საქართველო და, ასევე, ამ შემთხვევაში ჩემზე მუშაობდა ლელო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მათ არ ჰყავდათ კანდიდატები. კორონავირუსის გამო შეხვედრების მოწყობას ვერ ვახერხებდი, ამიტომ, ყველა ოჯახში ინდივიდუალურად მივდიოდი  მათ ვარწმუნებდი, რომ ჩემთვის დაეჭირათ მხარი. თუ ამომრჩეველი ოპოზიციურად განწყობილი იყო, მე ვახერხებდი მათთან კომუნიკაციაში შესვლას. ჩვენი საარჩევნო კამპანია კარგად იყო ორგანიზებული".  ამბობს მესხი ტაბულასთან.  

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი გამარჯვება, რატომ დაუჭირა მოსახლეობამ მხარი, მესხი პასუხობს, რომ ის თერჯოლაში მცოვრებთათვის უცხო არ ყოფილა  2020 წელს მერობისთვის იბრძოდა. 

"ოლქში სულ 5 ადამიანი ვიყრიდით კენჭს.  მარტივი იქნებოდა, ქართულ ოცნებასთან 1-1-ზე რომ ვყოფილიყავი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ მოვახერხე ამომრჩევლის დაჯერება, რომ ჩემთვის უნდა დაეჭირათ მხარი. მიცნობდნენ, კენჭი პირველად არ მიყრია. 2020 წლის არჩევნებზე მერობისთვის ვიბრძოდი - ხალხს თავი მაშინ გავაცანი. მანამდეც , სხვადასხვა დროს ვიყრიდი კენჭს, დეპუტატი ვიყავი, ვიყავი რაიონის მაჟორიტარი, საკრებულოს თავმჯდომარე და ჩემთვის არ იყო უცხო ამომრჩეველთან ურთიერთობა".  ამბობს ის.  

როლანდ მესხი ამბობს, რომ ქართული ოცნების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება კამპანიის დაწყების დღიდანვე "ნორმა" იყო  მმართველი პარტია ოპონენტის დასამარცხებლად მოსახლეობას ფულს ურიგებდა. 

"მოსყიდვა და დაშინება თავიდანვე ნორმა იყო  არც თერჯოლაა გამონაკლისი და არც ჩემი ოლქი. სახელისუფლებო რესურსებს ბოლომდე იყენებდნენ  არაფერი დაუკლიათ, არც შეშინება, არც თქმა, არც ფულის მიცემა და არც ხვეწნა-მუდარა. არჩევნების დღესაც კი აძლევდნენ ფულს და თავს იმართლებდნენ, რომ ადამიანს ბენზინი უნდა ჩაესხა ხალხის მოსაყვანად - თითქოს კოორდინატორები იყვნენ. ვეცადეთ, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, ვერ აღვკვეთეთ, სადაც კი ნახავდნენ ადამიანს, ფულს აძლევდნენ. თვის ბოლოს ამოვიღებთ გაცემულ სუბსიდიებს – რა გასცეს სოციალური პროგრამით, კოლოსალური თანხები იქნება. შარშანდელ არჩევნებზე თითო სოფელში 80 000 ლარამდე იყო გაცემული. პირდაპირ არჩევნებისთვის აძლებენ თანხას – იმის გამო არა, რომ უჭირთ და ეხმარებიან".  ამბობს ის. 

კითხვაზე, თუ რა პრობლემებზე იმუშავებს, როლანდ მესხი პასუხობს, რომ  სოფლებში, ძირითადად, წყლისა და გაზის პრობლემა აქვთ. მისივე სიტყვებით, თერჯოლაში ახალგაზრდებს მერიის მხარდაჭერა სჭირდებათ - მათი დასაქმება ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. 

"მე მათ დავპირდი, რომ არჩევის შემთხვევაში ყველა უბანში მივიდოდი და რა პრიორიტეტებიც ექნებოდათ, ამ კუთხით ვიმუშავებდი. ჩემი საქმიანობა საკანონმდებლო საქმიანობა და პრობლემების მიტანაა მერიამდე. ძირითადად, არის წყლისა და გზის პრობლემა. ასევე, დიდი პრობლემაა ახალგაზრდებისთვის სივრცეების შექმნა  თუნდაც მინი სტადიონების, რომ გაერთონ, ახალგაზრდებმა არ იციან, საკუთარ თავს რა მოუხერხონ, რით დაკავდნენ, დასაქმებაზე ლაპარაკი აღარ არის, ეს ყველგან პრობლემაა. ამ კუთხით მოგვიწევს მუშაობა, შევჯერდეთ ხელისუფლებასთან, რომ დაუდგნენ მოსახლეობას და ახალგაზრდებს გვერდით. ადამიანებს არჩევნებისთვის ყიდულობენ და არჩევნებიდან არჩევნებამდე ადამიანები გაჭირვებულები არიან. მე 1 200-მდე ოჯახში მივედი, არ შემხვედრია ისეთი ოჯახი, როემლსაც ეთქვა, რომ ხელისუფლებას არაფერს ერჩიან. ბოლოს ყველაფერი ფულმა და ამომრჩევლების ყიდვამ გააკეთა, თორემ საჯარო მოხელეების ოჯახის წევრებიც კი უკმაყოფილო იყვნენ, რომ შემოსავალი არაფერში ჰყოფნიდან".  ამბობს ის.


30 ოქტომბერს მერის არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ერთეულში, მათ შორის, ხუთივე თვითმმართველ ქალაქში გაიმართება:

თბილისი

  • კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 45.01%
  • ნიკა მელია (ენმ) – 34.01%

ქუთაისი

  • ხატია დეკანოიძე (ენმ) – 43.33%
  • იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 41.25%

ბათუმი

  • გიორგი კირთაძე (ენმ) – 41.97%
  • არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 41.08%

რუსთავი

  • ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 44.84%
  • დავით კირკიტაძე (ენმ) – 43.54%

ფოთი

  • ბექა ვაჭარაძე (ქართული ოცნება) – 46.85%
  • გიგი უგულავა (ენმ) – 38.10%

ზუგდიდი

  • ანზორ მელია (ენმ) – 46.88%
  • მამუკა წოწერია (ქართული ოცნება) – 41.15%

ბაღდათი

  • კახა ენუქიძე (ქართული ოცნება) – 49.53%
  • გიორგი რობაქიძე (ენმ) – 35.88%

ზუგდიდი

  • ანზორ მელია – (ენმ) 46.88%
  • მამუკა წოწერია – (ქართული ოცნება) 41.15%

თელავი

  • ლევან ანდრიაშვილი (ქართული ოცნება) – 46.75%
  • გიორგი ბოტკოველი (ენმ) – 45.43%

თიანეთი

  • ლევან წიკლაური (ქარული ოცნება) – 43.20%
  • თამაზ მეჭიაური (ერთიანი საქართველოსთვის) – 30.10%

მარტვილი

  • თორნიკე ჯანაშია (ქართული ოცნება) – 43.76%
  • თეიმურაზ ჯანაშია (ენმ) – 36.29%

ოზურგეთი 

  • ავთანდილ თალაკვაძე (ქართული ოცნება) – 44.22%
  • კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი) – 28.99%

სენაკი 

  • კობა ნაყოფია (ენმ) – 42.35%
  • ვახტანგ გადელია (ქართული ოცნება) – 40.25%

ქარელი

  • ზაზა გულიაშვილი (ქართული ოცნება) – 45.77%
  • ნიკოლოზ ახალკაცი (ენმ) – 34.07%

ჩხოროწყუ 

  • დათო გოგუა (ქართული ოცნება) – 43.29%
  • ბადრი ქარჩავა (ენმ) – 35.30%

ცაგერი

  • გიორგი ნემსაძე (ქართული ოცნება) – 49.34%
  • ბესარიონ ბენდელიანი (საქართველოსთვის) – 35.02%

წალენჯიხა

  • გიორგი ხარჩილავა (ენმ) – 39.68%
  • გოგა გულორდავა (ქართული ოცნება) – 38.23%

წყალტუბო 

  • გენადი ბალანჩივაძე (ქართული ოცნება) – 48.52%
  • ზაზა მეტრეველი (ენმ) – 42.55%

ხაშური

  • თენგიზ ჩიტიაშვილი (ქართული ოცნება) – 43.77%
  • იოსებ ბუაძე (ენმ) – 34.63%

ხელვაჩაური

  • ზაზა დიასამიძე (ქართული ოცნება) – 43.68%
  • მიშა ბოლქვაძე (ენმ) – 39.60%

ხობი

  • დავით ბუკია (ქართული ოცნება) – 46.83%
  • ბესიკ შენგელია (ენმ) – 33.84%

ვის ვირჩევთ და სად ვირჩევთ – II ტურში მონაწილე კანდიდატები

კომენტარები