შსს

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების გამო უწყება კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სოლიდარობის ნიშნად უწყება კიდევ ორმა პოლიციელმა დატოვა. 

კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ჯიმი გაგუა ამბობს, რომ ის სამსახურიდან პროტესტის ნიშნად მიდის. 

"ლექსო რაფავა წლების განმავლობაში ემსახურებოდა სამშობლოს, იცავდა ქვეყანას კრიმინალებისგან და ჩემთვის სრულიად მიუღებელია [მისი დაკავება]. პროტესტის ნიშნად მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო შსს-ს რიგები. ეს ჯაჭვი აუცილებლად გაგრძელდება. ჩემი ინფორმაციით, შსს-ს ორგანოებს ბევრი ადამიანი დატოვებს". – თქვა ჯიმი გაგუამ. 

25 ოქტომბერს შსს კიდევ ერთმა პოლიციელმა, გიორგი ბერიშვილმა დატოვა. მაიორი ბერიშვილი ამბობს, რომ ლექსო რაფავასადმის სოლიდარობის ნიშნად ის ტოვებს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას. 

"სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეგობარს, ყოფილ პოლიციელ ლექსო რაფავას, რის გამოც ვტოვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი პოლიციელების დევნა. ჩვენ ყოფილი და მოქმედი პოლიციელები ვემსახურებით საქართველოს და არა რომელიმე პარტიას". – თქვა გიორგი ბერიშვილმა ბრიფინგზე. 

იქამდე პროტესტის ნიშნად უწყება დატოვა კიდევ ორმა პოლიციელმა დატოვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, სადგურ ანაკლიის უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა და პატრულ-ინსპექტორმა, ომარ არქანიამ. 

21 ოქტომბერს გვიან ღამით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, მაიორი ლექსო რაფავა დააკავეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, რაფავას იარაღთან ერთად ხელყუმბარაც ჩაუდეს. იმავე ღამით ზუგდიდში გაჩხრიკეს კიდევ ერთი ყოფილი პოლიციელის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები ამოიღეს. შამახიას თქმით, მას ეს თოფები თავის სახელზე აქვს გაფორმებული. 

21 ოქტომბერსვე სპეცოპერაცია ჩაატარეს თბილისში და დააკავეს შსს-ს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი დათიაშვილი. შსს-ს ცნობით, მისი ბინის ჩხრეკისას პოლიციელებმა ცეხლსასროლი იარაღი, ორი ხელყუმბარა, 360 ვაზნა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა მოწყობილობები ამოიღეს. 

კომენტარები