ანასტასია შატალოვას მკვლელობა

შსს: შატალოვას მკვლელობის საქმეზე 3 პირი დავაკავეთ – ერთმა პოლიციელებს ხელყუმბარა ესროლა

მთავარი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული - 1988 წელს დაბადებული ბ.ლ., 1983 წელს დაბადებული ბ.ხ. და 1977 წელს დაბადებული ლ.რ. შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებისას პოლიციელებს ხელყუმბარა ესროლა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც შატალოვა მოკლა, ასევე, მოქალაქე, რომლის მანქანითაც ადგილი დატოვა. უწყების ინფორმაციით, დააკავეს ის პირიც, ვის სახლშიც მანქანის მეპატრონე იმალებოდა. 

უწყების ინფორმაციით, 17 ოქტომბრის ღამეს შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ბ.ლ.-მ ესროლა, შემდეგ კი ადგილი მანქანით დატოვა, რომელსაც ბ.ხ. მართავდა და მას ჩადენილი მკვლელობის შესახებ მოუყვა. 

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბინის ჩხრეკის დაწყებამდე ბ.ლ. მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრიდან გადახტომის მცდელობის დროს დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. 

სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ბ.ხ.-ს მეგობრის, ლ.რ.-ის ბინის ჩხრეკა განახორციელეს. აღმოჩნდა, რომ ბინაში იმალებოდა ბ.ხ, რომელმაც საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების დროს ხელყუმბარა საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა, ხოლო შემდეგ აივნიდან კორპუსის ქვემოთ, პერიმეტრზე მყოფი სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა, თავად კი მიმალვის მიზნით სხვა საცხოვრებელი სახლის აივანზე გადახტა. პოლიციამ ბ.ხ. მიმალვის მცდელობის დროს, მეზობელი საცხოვრებელი ბინის აივანზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკის შედეგად კიდევ ერთი ხელყუმბარა ამოიღო. ბ.ხ.-ს მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი ხელყუმბარა, გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს". - წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობითვე, მესამე დაკავებულმა, ბინის მეპატრონემ, რომელშიც ბ.ხ. იმალებოდა - ლ.რ.-მ დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ისიც დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მისი პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-353 პრიმა, 353-ე, 236-ე, 260-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

ანასტასია შატალოვა თბილისში, კამანის ქუჩაზე 17 ოქტომბერს მოკლეს. შატალოვას  ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან, ზურაბ ბერიძესთან საერთო შვილი ჰყავდა. მკვლელობასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბერიძეც დაკითხეს - პოლიცია მის სახლთან ინყოფებოდა. ბერიძე ამბობს, რომ 6 თვეა შატალოვასთან ურთიერთობა არ ჰქონია. 

კომენტარები