ტიმოშენკო: მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში

მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს, პრემიერმინისტრის რანგში, პირველ ვიზიტი სწორედ საქართველოში მქონდა, ჩვენთან სულით ყველაზე ახლო ძმურ სახელმწიფოში, ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პირველ რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით ვარდების რევოლუციასა და მის წარმატებას, შემდეგ კი თავადაც წავედით მსგავსი რევოლუციური გზით. მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია, ბევრგზის გვიკამათია, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანურია, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას, მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და მყარად ფეხზე მდგომი საქართველოსთვის და ეს მისთვის უმთავრესია.

მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა, ამას არასდროს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო, სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.

ძვირფასო მიშა, მე ისე, როგორც არავინ, კარგად ვიცი პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის  გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ამავე დროს მინდა უმორჩილესად გთხოვო - შეწყვიტო შიმშილობა, შენ შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი ჭირდები, ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით თავის ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს უმნიშვნელოვანესია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე.

ამბობს უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკო, მიხეილ სააკაშვილისთვის ჩაწერილ მიმართვაში. ტიმოშენკოს მიმართვა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე აჩვენეს.

კომენტარები