კრიმინალი

შსს: საფლავების გაქურდვისთვის 2 პირი დავაკავეთ, მათ შინდისის გმირის საფლავიც გაქურდეს

შინდისის გმირის, რუსლან წულაძის საფლავი

სამართთალდამცველებმა გურიაში საფლავების გაქურდვისთვის წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ დააკავა. მათ ბრალად მიცვალებულისადმი უპატივცემულობა და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ედებათ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 5 საფლავი გაქურდეს. მათ შორის, დაკავებულები სოფელ ქვიანში მდებარე, შინდისის გმირის - რუსლან წულაძის საფლავზე განთავსებულ ალუმინის ნაკეთობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ბრალდებულებმა საფლავებიდან მოპარული ლითონის დეტალები ქალაქ ზესტაფონში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ ნაქურდალი ნაკეთობები ნივთმტკიცების სახით ამოიღო" - აცხადებს შსს.

მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები