კოსოვო

კოსოვო და სერბეთი საზღვარზე დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმდნენ

კოსოვოელი პოლიციელი იარინიეს გამშვებ პუნქტთან პატრულირებენ. 2021 წლის 28 სექტემბერი.
AP

კოსოვო სერბეთის საზღვრიდან, იარინიეს გამშვები პუნქტიდან პოლიციის გაყვანას დათანხმდა. შეთანხმებას მხარეებმა ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში მიაღწიეს. 

შეთანხმების მიხედვით, სანამ კოსოვო პოლიციის დანაყოფებებს გაიყვანს, იარინიესა და ბრნიაკის გამშვებ პუნქტებს NATO-ს კოსოვოში მყოფი სპეციალური მისიის, KFOR-ის ძალები გააკონტროლებენ, ორი კვირის განმავლობაში. 

ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაძაბულობის გამომწვევი რეგულაციის, მანქანის რეგისტრაციის ნომრების საკითხს განიხილავს. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა 2021 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება, მეორე კი 6 თვის შემდეგ და განიხილავენ პრობლემასთან დაკავშირებულ აღმოჩენებსა და საბოლოო გადაჭრის გზებს. 

მხარეები მანქანებს სპეციალურ სტიკერებს მიაკრავენ, სანამ გამოსავალას იპოვიან.

შეთანხმებას გამოეხმაურა სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდარ ვუჩიჩი.

"ვფიქრობ შეთანხმება მოქალაქეებისთვის სამართლიანია. მინდა უფრო ხანგრძლივი გამოსავალი ვიპოვოთ. ეს კოსოვოს აღიარებას არ მოიცავს", – თქვა ვუჩიჩმა.

კოსოვოელი სერბების დემონსტრაცია მოჰყვა კოსოვოს ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც სერბეთიდან შემომავალ ავტომობილებს საკუთარი რეგისტრაციის ნომრის გამოყენება არ შეეძლებოდათ და მის ნაცვლად მანქანისთვის უნდა დაეყენებინათ კოსოვოს დაბეჭდილი დროებითი ნომერი, რომელიც გამოსადეგი 60 დღის განმავლობაში იქნებოდა. 

კოსოვოს მთავრობის განმარტებით, ეს რეგულაცია არის 2008 წელს სერბეთის მიერ დაწესებული ასეთივე შეზღუდვის პასუხი. 2008-ში კოსოვომ, რომელზეც სერბეთმა კონტროლი 1999 წელს NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

რეგულაციის საპასუხოდ, კოსოვოელმა სერბებმა სატვირთო მანქანებით კოსოვო-სერბეთის საზღვართან ჯაჭვი შექმნეს და ორი მთავარი გზა გადაკეტეს, რამაც ორ ქვეყანას შორის ვითარება დაძაბა. ევროკავშირი და NATO მხარეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა. პროტესტი უკვე ერთი კვირაა რაც გრძელდება.

უთანხმოება გადაიზარდა ძალადობაშიც. 26 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც დაძაბული ვითარება იყო, თავს დაესხნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ შენობას, მათ შორის მანქანების რეგისტრაციის ოფისს. 

სერბეთმა კოსოვოს საზღვართან სამხედრო მანევრები ჩაატარა. ასევე, სერბეთის МиГ-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებმა გადაუფრინეს კოსოვოს იარინიეს გამშვებ პუნქტს, სადაც სერბი დემონსტრანტები იყვნენ შეკრებილი.

შესაბამისად, NATO-ს კოსოვოს მისიის, KFOR-ის ძალების 5 000 კაციანმა კონტინგენტმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობს, გააძლიერა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება, მეტი მიმართულებითა და ხანგრძლივობით.

კომენტარები