გამოსავალი ლიბერალური დემოკრატიაა – გაგა თუთარაშვილი

გამოსავალი ლიბერალური დემოკრატიაა – გაგა თუთარაშვილი

"დემოკრატიისთვის სიკვდილი ღირს, რადგანაც ის მმართველობის ყველაზე ღირსეული ფორმაა, რაც ადამიანს მოუგონია" – რონალდ რეიგანი

„უინსტონის ზურგს უკან ტელეეკრანი კვლავ განაგრძობდა ჟღრიალს თუჯის წარმოებისა და მეცხრე სამწლედის გეგმის გადაჭარბებით შესრულების შესახებ. ეკრანზე ერთდროულად მიმდინარეობდა გადაცემა და მიღება. ფიქსირდებოდა უინსტონის მიერ გამოცემული ყველა ბგერა, ძალზე ხმადაბალი ჩურჩულის გარდა. მეტიც, ვიდრე უინსტონი ეკრანის მხედველობის არეში რჩებოდა, მას კიდეც ხედავდნენ და კიდეც უსმენდნენ. რა თქმა უნდა, ვერაფრით დაადგენდი, გიყურებდნენ თუ არა მოცემულ მომენტში. სრულებით გაურკვეველი იყო, რა სისტემით ან რა სიხშირით ერთვებოდა აზრის პოლიცია ყოველ ინდივიდუალურ კაბელში.“

გაგიკვირდებათ და ჯორჯ ორუელის 1984 - ში დაწერილი ერთი შეხედვით უტოპიური მომავალი არაერთ შემთხვევაში რეალობად ქცეულა. უინსტონის ყოფა არაფრით განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირის რიგითი მოქალაქის ცხოვრებისაგან, რომელსაც ყოველდღიურ შიშში უწევდა ცხოვრება, რადგანაც მისივე ოჯახის წევრი ან მეზობელი მას უშიშროების სამსახურებში დააბეზღებდა. სწორედ ამიტომ, დღემდე წერილი სასამართლოდან ყოველთვის სავარაუდო დანაშაულზე დარბაზში გამოძახებას გავს და არა მაგალითისათვის ნაფიც მსაჯულად განმწესებას, როგორც ეს ყანაში მომუშავე ერთ ასაკოვან ადამიანს გადახდა თავს მის მსაჯულად გამოძახების დროს. გასაკვირი არაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ლიბერალური დემოკრატია ჯერ კიდევ მიუღწეველ ოცნებად რჩება, რადგანაც ვერც შევარდნაძის, ვერც ვარდების რევოლუციის და მითუმეტეს ივანიშვილის ხელისუფლებებმა ვერ/არ შეძლეს ძალაუფლებით ტკბობაზე უარის თქმა, მაგრამ აუცილებელია მიეთითოს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ მმართველობის 9 წლის შემდეგ პირწმინდად გაანადგურა ყველა ის მონაპოვარი, რაც მის წინამორბედებს შეუქმნიათ. მთავარი მონაპოვრებს შორის კი - დემოკრატიის რწმენაა. 

რატომ არ გვწამს დემოკრატიის? 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის იდეა 1918-21 წლების სახელმწიფოდან იწყება, რომელიც თავისთავად უდიდესი მონაპოვარი გახლავთ ყველანაირი მიზეზის გარეშე, რადგანაც სწორედ ამ წლებში ჩამოყალიბდა პირველი დემოკრატიული წეს-წყობილება, რომელმაც იმგვარი კონსტიტუციური ღირებულებების დამკვიდრება გადაწყვიტა, რაც იმ დროინდელ ბევრ ევროპულ სახელმწიფოში ჯერ კიდევ დებატების საგანი გახლდათ. რა თქმა უნდა, „დიდ ჩრდილოელ ძმას“ არ გამოპარვია საქართველოს დასავლური ღირებულებების მიმართ სწრაფვა და რევოლუციური ციებ-ცხელების შემდეგ 1921 წელს ჩვენთვისაც მოიცალა, რაც საბოლოოდ საქართველოს სისხლიანი ოკუპაციითა და გასაბჭოებით დასრულდა. ბევრი აზრი არსებობს თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო საქართველო რომ არა კომუნისტური რევოლუცია რუსეთში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ის არაფრით იქნებოდა იმის მსგავსი, რაც 70 წლიანი ოკუპაციის შემდეგ გამოჩნდა. 

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, მითუმეტეს, რომ საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაშლამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვე რჩებოდა. სწორედ ამ დროს გამოიღვიძა ყველა იმ უბედურებამ, რაც გასაბჭოების პირდაპირი შედეგი გახლდათ. შური, ქიშპობა, ერთმანეთის მიუღებლობა და ეთნიკური შოვინიზმი. ძალაუფლების წყურვილით გაჟღენთილი ადამიანების ბუნებითი მდგომარეობის პირობებში ქცევა, არაფრით განსხვავდებოდა ველური ჰიენების მიერ საკუთარი დაჯგუფების სუსტი წევრების ცოცხლად შეჭმისაგან, რაც არც ჩრდილოელ მეზობელს გამორჩენია, რათა სეპარატისტული განწყობებით ესარგებლა და მრავალფრონტიანი ბრძოლებით საბოლოოდ დაესვა წერტილი საქართველოში წინა საუკუნის ბოლომდე სტაბილური სახელმწიფოს შექმნის იდეისათვის. 

ფინანსურად და მორალურად ომებითა და ეკონომიკური კოლაფსით გაღატაკებული საზოგადოება უიმედობის, უპერსპექტივობისა და ნიჰილიზმის ჭაობში გადაეშვა, რაც თითქოს იმ დროისათვის გამოტანილ განაჩენს ჰგავდა და არა დროებით მოცემულობას. მიუხედავად ამისა, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების დემოკრატიულ ტრანზიციას მხარს უჭერდნენ, ჯიუტად ცდილობდნენ ადგილობრივი დემოკრატიული მოძრაობებისა თუ კონკრეტული პირების მხარდაჭერას, რათა საქართველოს უფსკრულისაგან თავის დაღწევის შესაძლებლობა გასჩენოდა. 2003 წლის ვარდების რევოლუცია სწორედ ამგვარი პროცესების საბოლოო შედეგი გახლდათ, რასაც დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაედგა. ასეც მოხდა, მხოლოდ პირად გამორჩენაზე უარით გამოსტუმრებული ყოფილი ან მოქმედი ჩინოვნიკები თუ იტყვიან რომ ვარდების რევოლუციას პოზიტიური არაფერი შეუქმნია. მთავარი კი, ნამდვილად თვალშისაცემი გახლდა პირველივე წლებში: ორგანიზებული დანაშაულის დამარცხება, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმა და ეკონომიკური ზრდა. ცხადია, ვარდების რევოლუციას ქვისგან ბრილიანტი არ გამოუთლია, მაგრამ ისეთი სახელმწიფო ნამდვილად შეიქმნა, რომლისაგანაც ლიბერალური დემოკრატიის გამოწრთობა უკვე პოლიტიკური ნების ამბავი იქნებოდა. მიუხედავად არაერთი პრობლემისა, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიციური ძალებისაგან ძალაუფლების გადამეტებას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ეხებოდა, საქართველოს ნამდვილად გააჩნდა პოტენციალი, რათა ხელისუფლებათა მშვიდობიანი გზით - არჩევნებით ცვლილების შემთხვევაში სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა ინსტიტუციონალურ-კანონისმიერ ჩარჩოებში მოქცეულიყო. ამ მხრივ, გარდამტეხი მომენტი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე დადგა. ტელეეკრანებზე გამოჩენილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეებს სამართლიანობის აღდგენას, უფასო ფულს და დემოკრატიას შეჰპირდა, რომლითაც ევროპის გაოცებასაც კი აანონსებდა. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა ვთქვათ - ივანიშვილმა ევროპა ნამდვილად გააოცა, ოღონდ ამ გაოცებას სასიხარულო არაფერი ჰქონია, პირიქით. 

ნაბიჯ-ნაბიჯ ავტორიტარიზმისკენ

2012 წელს, ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დამარცხება, ხოლო შემდეგ მათი გასამართლება გახლდათ, ამას ემატებოდა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე გამოქვეყნებული ე.წ ციხის კადრები, რომელზეც ივანიშვილმა პოლიტიკური კაპიტალი დააშენა, მაგრამ ციხის კადრებით მის მიმართ სიმპათიის ზრდის რატომღაც უკვე აღარავის სწამს. მთავარი კი ისაა, რომ საქართველოს პერიფერიების მოქალაქეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ვარდების რევოლუციის ხელისუფლების ეკონომიკური მიღწევები საკუთარ თავზე ვერ იგრძნო, რასაც კიდევ უფრო ღრმა მიდრეკილება მოჰყვა პოპულისტური დაპირებების მიმართ. არაპოპულარული იქნება ვთქვა, რომ 2012 წლის არჩევნების ბედი ციხის კადრებმა კი არა, ივანიშვილის მიმართ კეთილი მშობლის სახის შექმნამ გადაწყვიტათქო, მაგრამ ამგვარ ღრმა კრიზისებში სწორედ არაპოპულარული რეალობის თქმა თუ გადაგვარჩენს. 

რა თქმა უნდა, არსად გამოჩენილა არც უფასო ფული და არც ქართული დემოკრატიით გაოცებული ევროპა, მაგრამ რაც დანამდვილებით შეგვრჩა არის ხელისუფლება, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ უკან დაიხია რუსეთისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლიდან და როგორც არასდროს, დღეს, ყველაზე სანდო სიტუაციური თუ გნებავთ გამიზნული მოკავშირეობაა ივანიშვილის ყმაწვილკაცობის რეჟიმთან. რა უნდა იყოს რუსეთისა და ვლადიმერ პუტინისათვის იმაზე სასიამოვნო, როდესაც მას სამხრეთის გათავხედებული დემოკრატიის მოსურნე სახელმწიფოდან აღარავინ აწუხებს და თან მითუფრო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასაც კი აღარ აბრალებენ საპრეზიდენტო თუ საოლიგარქო ტახტებიდან?. ცხადია არც არაფერი, ამიტომაც მანამ, სანამ ივანიშვილი მყარად ზის, საქართველოში დემოკრატიაზე ოცნებას აზრი არ აქვს, აქედან გამომდინარე კიდევ უფრო ვშორდებით ოცნებას ნატოზე და მითუმეტეს ევროკავშირზე. ამიტომაა, პუტინის ყველაზე მყარი მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი და მოსაზრება, რომ არაფერს აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს არც პროტესტს, არც უმცირესობათა უფლებების დაცვას და ხელისუფლების თვითნებობის სამოქალაქო დაუმორჩილებლობით შეწუხებას. ცხადია, ყველაფერს აქვს აზრი, რაც ავტორიტარებს დისკომფორტს უქმნის, იქნება ეს საპროტესტო აქცია თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ დამსხვრეული სკოდა ოქტავია. 

2012 წელს, ივანიშვილისა და მისი გარშემომყოფების კრიტიკა ნაციონალურ მოძრაობას სხვა ბევრ საკითხთან ერთად მოსმენებსა და კონტროლზე მიემართებოდა. მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილსა და მის ძალოვან უწყებებს ადამიანების უკანონო მოსმენასა და დაშანტაჟებაში ადანაშაულებდნენ, ხოლო თვითონ კი, მორალური კვარლცხბეგიდან გადმოჰყურებდნენ მომავალში მოსასმენ ადამიანებს, რომლებიც ახლა მათივე ამომრჩევლები იყვნენ. როგორც აღმოჩნდა, ორ მოქმედებასა და ორ საპარლამენტო არჩევნებში, ქართული ოცნება კვლავაც გამარჯვებულია, მაგრამ მმართველობის 9 წლის თავზე, თუ მათივე ლოგიკას გავყვებით აღმოჩნდება, რომ ის, რისთვისაც წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, ახლა მათივე წინააღმდეგ მოქმედებს. ანტი-საოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომელიც გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაარბია, რის შედეგადაც არაერთმა ადამიანმა თვალი დაკარგა. სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გამოქვეყნდა არაერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ბოლოს: აღმოჩნდა, რომ როგორც მოსალოდნელი იყო - საქართველოს უშიშროებასა და კონსტიტუციურ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახური - უსმენს ყველას, ვინც შეიძლება ან არ შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს რეჟიმს. ამ სიტყვის გამოყენებას თავისი მნიშნველობა ენიჭება ხოლმე, რადგანაც მაგალითისათვის არავინ იყენებს აშშ-ში ბაიდენის ხელისუფლების გამოსახატად ბაიდენის რეჟიმს ან ბრიტანეთში ბორის ჯონსონის რეჟიმს, მაგრამ იყენებენ იქ, სადაც ავტორიტარული მიდრეკილებები და ვნებები ფართოდ გაშლილი ფრთებივით ნავარდობს. ივანიშვილის რეჟიმი კი სწორედ ამგვარი მოუთოკავი ლევიათანია, რომელიც უსმენს ყველას და ყველაფერს, მათ შორის მისივე სიტუაციურ მოკავშირეს - საპატრიარქოს. ცხადია, სუს-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ ციმციმა თვალებით გამოსული ქართული ოცნების წევრები ამ გამოქვეყნებასაც წინა ხელისუფლებას აბრალებენ, მაგრამ მოქალაქეებს ნამდვილად ესმით ამ რეალობის სიმახინჯე, რომელში ცხოვრებაც ვერ გაქარწყლდება ვერავითარი ტყუილითა და მზაკვრული ფანდით.

გამოსავალი?

გამოსავალი ერთადერთია. როგორც უკვე 30 წლის გადმოსახედიდან სჩანს საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრების ერთადერთი შესაძლებლობა ძალაუფლების სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის დანაწილება და მათი მუდმივი კომპრომისების ზღვარზე ყოფნაა, რადგანაც არავის შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის ისეთი კარგი, მცოდნე და კეთილი დემოკრატია, რომ ძალაუფლება ვერ გარყვნის, რადგანაც არამხოლოდ ჩვენთან, არამედ სხვა დემოკრატიის ტრადიციის მქონე სახელმწიფოებშიც გამოჩენილან პირები, რომლებიც ისეთივე შემართებით ამტკიცებდნენ დემოკრატიის ერთგულებას, როგორც დედის სიყვარულს, მაგრამ ლევიათანის სასთუმალთან მისვლისას მისი გამოღვიძების დაუოკებელი სურვილი იპყრობდათ. ამიტომაც, გამოსავალი კოალიციურ მმართველობაშია, სადაც შეიძლება შედარებით მცირე პროპორციით, მაგრამ ეფექტური ძალაუფლების შეძენით იყვნენ ლიბერალური-დემოკრატიის ქომაგები, რომლებიც ლევიათანის გამოღვიძების ყოველ მცდელობაზე მსუნაგ მმართველებს შესაფერის ადგილს მიუჩენენ და არ მისცემენ მოქალაქეების მოსმენის, დაჩაგვრის და ჭრილობის გაღრმავების საშუალებას. სწორედ, ამგვარ სახელმწიფოში შეგვეძლება ვიცხოვროთ ყველამ, მიუხედავად იმისა თუ ვის რა მოგვწონს, ვინ გვიყვარს, რას ვუსმენთ და რას ვქადაგებთ.

კომენტარები