ჩინეთი

შობადობის მაჩვენებლის ზრდის მიზნით, ჩინეთმა აბორტის შემზღუდავი კანონი შემოიღო

შობადობის მაჩვენებლის ზრდის მიზნით, ჩინეთის მთავრობამ ახალი რეგულაცია შემოიღო, რომელიც არასამედიცინო მიზნით აბორტს ზღუდავს.  

ექსპერტების განმარტებით, ჩინეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას, რაც ათწლეულების განმავლობაში მრავალშვილიანობის შემზღუდავი კანონის მოქმედებითაა გამოწვეული. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აბორტის შემზღუდავი რეგულაცია მიზნად ისახავს, მოსახლეობის დაბერებისა და შობადობის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირების პრობლემის გადაჭრას. 

გარდა ამისა, მთავრობამ, ასევე, გააუქმა არსებული რეგულაციები მრავალშვილიანობის შესახებ და წყვილებს სამი შვილის ყოლის უფლება მისცა. 

სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩინეთში, დაახლოებით, 330 მილიონი აბორტი ჩატარდა, მათი მნიშვნელოვანი წილი კი შერჩევით აბორტზე მოდის, რის გამოც ქვეყანაში გენდერული დისბალანსია და კაცების რაოდენობა ქალებს 30 მილიონით აჭარბებს. 

უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთის მთავრობა აქტიურად ცდილობს, შეაჩეროს მოსახლეობის დაბერების ტემპი და გაზარდოს შობადობის მაჩვენებელი, რათა მომდევნო ათწლეულში ქვეყანა მწვავე დემოგრაფიული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეს. 

ამჟამად ჩინეთის მოსახლეობა 1.398 მილიარდია, ინდოეთის – 1.366 მილიარდი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შედარებით მაღალი შობადობის მაჩვენებლის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს.  

კომენტარები