ფარული მოსმენა

ვოლსკი: გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება და ხისტი განცხადება

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკ საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას გაუგებარს და ხისტს უწოდებს. მისი თქმით, მიუღებელია სპეციალური სამსახურის დისკრედიტაცია, მათ შორის ელჩების მხრიდანაც.

"ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ელჩს დაელაპარაკონ ამ საკითხებზე, აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება და ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან და რა წარმოშობისაა ის მასალები, რომლებსაც ასე ძალიმად აფრიალებდნენ ჩვენი ოპონენტები მედიასაშუალებებში.

ეს რეალობა დამატებით შეკითხვებს წარმოშობს და შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. საზოგადოება დაცულად უნდა გრძნობდეს თავს როგორც ფარული მოსმენებისგან, ასევე ნებისმიერი სხვა მოქმედებისგან, რომლისგანაც ჩვენ ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს, ეს გარე გამოწვევებია თუ შიდაგამოწვევები. ჩვენი სპეციალური სამსახურების დისკრედიტაცია არასწორია, რასაც ძალიმად ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში". - გია ვოლსკის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო ფარულ მოსმენებთან და მიყურადებით მოპოვებული ფაილებთან დაკავშირებით დაიბარეს. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ისაუბრა.

​ელჩმა თქვა, რომ დიპლომატების სავარაუდო ფარული მიყურადების საკითხს ევროკავშირი ძალიან სერიოზულად აღიქვამს, ვინაიდან ეს ვენის კონვენციის დარღვევაა და "არ არის ბუნებრივი როცა ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მხრიდან".

გავრცელებულ მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, დგინდება, რომ სუს-ი ელჩებსაც უსმენს. მასალებით, სუს-ი უსმენდა კელი დეგნანს, კარლ ჰარცელსა და რან გიდორს. ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებული მასალებზე ამბობს, რომ თუ საჭიროა უწყებამ უნდა მოუსმინოს ვინც სჭირდება და მოსასმენია, მათ შორის დიპლომატებსაც. 


13 სექტემბერს გავრცელდა, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული მასალები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

გავრცელებული ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

საქართველოს საპატრიარქოს შეფასებით კი, დიდია ალბათობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი მასალა "ფაბრიკაციის გზით იყოს შექმნილი. ასევე, საპატრიარქო ფაილების დიდ ნაწილს სიცრუეზე აგებულს უწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი სიმართლესაც შეიცავს. 

ამავე თემას ეხებოდა 19 სექტემბერს გასული გადაცემა მთავარი აქცენტები. მთავარი არხის მტკიცებით, მათ ინტერვიუ ჩაწერეს სუს-ის მოქმედ თანამშრომელთან. პირი, რომელიც ანონიმურად რჩება, ამბობს, რომ უწყებაში სასულიერო პირების გარდა, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებს უსმენდნენ.

კომენტარები