ფარული მოსმენები

TDI ფარულ ჩანაწერებზე: ამგვარი ხელისუფლება აღარ იმსახურებს მოქალაქეების ნდობას

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით,13 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის ფაქტების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა. 

განცხადების მიხედვით, ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, უკანონო მოსმენა, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალების მოპოვება და დამუშავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელჰყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას და სახელწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს. 

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩანაწერებს შორის არსებობს TDI-ის წარმომადგენლების შესახებ რეზიუმეები დაგეგმილი შეხვედრების, ვიზიტების, სამომავლო გეგმების, რელიგიურ ორგანიზაციებთან საუბრებისა და ურთიერთობის შესახებ. საჯაროდ გავრცელებული მასალის თანახმად, რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების ფარული კონტროლი, სავარაუდოდ, ატარებს ინტენსიურ და ყოვლისმომცველ  ხასიათს. ფარული ჩანაწერების ავთენტურობა ამ დროისთვის არაერთმა ადამიანმა და ორგანიზაციამ დაადასტურა".– წერია განცხადებაში

TDI-ს რეკომენდაციით, უახლოეს მომავალში აუცილებელია, განხორციელდეს სუს-ის ინსტიტუციური რეფორმა და მის მთავარ ფუნქციად განისაზღვროს კონტრდაზვერვა, ანტიტერორისტული საქმიანობა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა. სუს-ის რეფორმა უნდა მოიცავდეს სამსახურის ეფექტიანი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების კომპონენტს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის რისკებს.

 

"ხელისუფლებას ბოლო წლებში არაერთი მცდელობა ჰქონდა, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფერო სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე შეეზღუდა.ხელისუფლებას ამ დრომდე არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა უპრეცედენტო მასშტაბის მასობრივ უკანონო მიყურადებაზე, თვალთვალზე, შანტაჟზე - მოქალაქეების ფარულ კონტროლზე. მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არ გაკეთებულა არცერთი განცხადება, რომელიც ადეკვატურად შეაფასებდა საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. ამგვარი ხელისუფლება აღარ იმსახურებს მოქალაქეების ნდობას!". – წერია განცხადებაში

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები