ფარული მოსმენები

მეუფე ნიკოლოზი: მედიას რომ რეაგირება არ მოეხდინა, ვერავინ გაიგებდა, დანაშაულიც არ იქნებოდა

კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის აზრით, საქართველოს საპატრიარქოს შესახებ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებზე მედიას რეაგირება რომ არ მოეხდინა, მათ შესახებ ვერავინ გაიგებდა და ეს დანაშაულიც არ იქნებოდა.

"რადგან დანაშაული ჩადენილია, ესე იგი, დამნაშავე არსებობს. დანაშაული ნამდვილად არის ჩადენილი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ყველამ თავის ადგილზე ვიშრომოთ. მე სასულიერო პირი ვარ და მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, თქვენ ჟურნალისტი ხართ, სწორი პოზიცია უნდა აირჩიოთ და უნდა იცოდეთ, რაზე მოახდინოთ რეაგირება და რაზე არ მოახდინოთ. რამდენიმე ტელევიზიამ მთხოვა კომენტარი, მე ყველას ვთხოვე, რომ გამომიგზავნეთ ეს მასა, რომ ვიცოდე რაზეა ლაპარაკი, ვერცერთმა ვერ გამომიგზავნა, იმიტომ, რომ ეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაა. თქვენ მიიღეთ ეს მასალები, რამდენიმე ტელევიზიამ მიიღო და არცერთ ტელევიზიას რეაგირება რომ არ მოეხდინა, ვერავინ ვერ გაიგებდა და დანაშაულიც აღარ იქნებოდა". – თქვა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველის ეთერში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები