ნარკოდანაშაული

შსს-მ თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 21 პირი დააკავეს, მათ შორის, 18 ნარკორეალიზატორია. უწყების ცნობით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში, უკანონო გასაღებასა და ჯგუფურად ჩადენილ უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული პირებიდან ერთ-ერთი 2004 წელს დაბადებული არასრულწლოვანი ა. გ-ია.

"პოლიციის მიერ დაკავებული 3 პირი სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 8 ლიტრამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა.

ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები