GMC: ბათუმის მერიამ 4-7 აგვისტოს კონცერტები გამართა და 100 612 ლარი დახარჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ბათუმის მერიამ 4-7 აგვისტოს კონცერტები გამართა და ამაში 100 612 ლარი დახარჯა.

ფლანგვის დეტექტორი მიუთითებს, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსისგან ჯამში 140 ადამიანი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, დახარჯული თანხით შესაძლებელი იქნებოდა 51 პაციენტის მონიტორის ან 5 ხელოვნური სუნთქვის აპარატის შეძენა.

"ბათუმის კულტურის ცენტრმა, 4-7 აგვისტოს, მუსიკალური ღონისძიების "ბათუმის ღია ცის ქვეშ" ჩასატარებლად 100,612 ლარი დახარჯა. 

"ბათუმი ღია ცის ქვეშ" 2021 წლის 4-21 აგვისტოს, ჯამში 13 დღე უნდა გაგრძელებულიყო. ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ღია სივრცეში უნდა ჩატარებულიყო.  ნაცვლად 13 დღისა, ბათუმში კონცერტები მხოლოდ 4 დღის განმავლობაში (4,5,6,7 აგვისტო) გაიმართა, შემდეგ კი ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო დამძიმების გამო დარჩენილი ღონისძიებები გაურკვეველი დროით  გაუქმდა.  

აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების თანახმად, ბათუმის კულტურის ცენტრს უფლება მიეცა, "ბათუმი ღია ცის ქვეშ" კონცერტის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გამართვის უზრუნველსაყოფად 250,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვის წესით გაეფორმებინა. შესაბამისად, კონცერტის გამართვასთან დაკავშირებული ყველა შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდა, რაც უკონკურენტო გარემოში უტენდერო, პირდაპირი წესით შესყიდვას გულისხმობს.

ბათუმის კულტურის ცენტრმა, ღონისძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, როგორც შესყიდვებიდან ირკვევა 100,612 ლარის ღირებულების 32 ხელშეკრულება გააფორმა", - წერს ორგანიზაცია.

მათივე ინფორმაციით, 100 612 ლარიდან - 26 737 ლარი ორგანიზებაში, ხოლო 73 875 ლარი ჰონორარებში დაიხარჯა.

კომენტარები