კორონავირუსი საქართველოში

ლომჯარია: მივმართავ ღარიბაშვილს, მას შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

სახალხო დამცველი

"ჩემი მიმართვის ადრესატი იყო პრემიერმინისტრი, რადგან მას აქვს უფლება, რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი". – სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

გარდა ამისა, ნინო ლომჯარია მიმართავს ჯანდაცვის სექტორსაც და ეპიდემიოლოგებსაც, რათა გააკეთონ პროგნოზები, რამდენად რისკისშემცველია არჩევნები ეპიდემიის გავრცელების კუთხით.

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი არის, თავის მხრივ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ასევე, მივმართავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსაც, ეპიდემიოლოგებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან, თუ რამდენად ზრდას ელოდებიან ინფიცირებულების არჩევნების შემდგომ და არის თუ არა ამისათვის მზად ჯანდაცვის სექტორი, ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას, თუ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მეტი ადამიანის გარდაცვალება, რატომ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს?". – ამბობს ნინო ლომჯარია.

გუშინ, 24 აგვისტოს, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი მხრიდან არჩევნების გადადებაზე საუბარი ანომალიაა, ვინაიდან ეს ნიშნავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

იქამდე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პოლიტიკურ პარტიებს და მმართველ გუნდს მოუწოდა, რათა იმსჯელონ არჩევნების გადადების შესახებ, ვინაიდან საქართველოში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა.

კომენტარები