გერმანია-უკრაინა

მერკელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალ სანქციებს, თუ რუსეთი NORD STREAM 2-ს იარაღად გამოიყენებს

ანგელა მერკელი და ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press Office/AP

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენზე ისაუბრა. მერკელის თქმით, თუ რუსეთი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, შეიძლება ეს დამატებითი სანქციების დაწესების მიზეზი გახდეს. 

მერკელის თქმით, მას ესმის ზელენსკის ჩრდილოეთის ნაკადის პროექტთან დაკავშირებული სიფრთხილე. უკრაინა მილსადენის მშენებლობას აქტიურად ეწინააღმდეგება. ზელენსკის თქმით, ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის უშიშროებას.

"გაზი არ უნდა იყოს იარაღი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალ სანქციებს, თუ რუსეთი ამ მილსადენს იარაღად გამოიყენებს". – თქვა მერკელმა.

ზელენსკის შეფასებით ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენი საფრთხეა უკრაინისთვის და მას სურს, იცოდეს, რას მიიღებს უკრაინა, ვინ მისცემს მას გარანტიებს.

"ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ამ პროექტს კრემლის გეოპოლიტიკურ იარაღად მივიჩნევთ". – თქვა ზელენსკიმ.

გასულ თვეს აშშ-მ და გერმანიამ ჩრდილოეთის ნაკადთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების ფარგლებში აშშ-მ უარი თქვა პოლიტიკაზე, რომლითაც ვაშინგტონი მილსადენს ეწინააღმდეგებოდა. გერმანია კი გერმანია უკრაინას ენერგოსფეროსთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებასა და დიპლომატიურ ძალისხმევაში დაეხმარება. აშშ და გერმანია 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ უკრაინის მწვანე ენერგიის ინფრასტრუქტურაში. გერმანია ასევე მხარს დაუჭერს ენერგოპოლიტიკის განხილვას სამი ზღვის ინიციატივის, ცენტრალური დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში. აშშ ასევე ინარჩუნებს პრეროგატივას, მომავალში საჭიროების შემთხვევაში დაუწესოს რუსეთს მილსადენებთან დაკავშირებული სანქციები.

უკრაინაში ვიზიტის დროს მერკელმა და ზელენსკიმ მწვანე ენერგიასთან დაკავშირებული საკითხები და რუსეთთან და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან კონფლიქტიც განიხილეს. მერკელის თქმით, რუსეთი ამ კონფლიქტის მონაწილეა. მოსკოვი წლებია აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ კონფლიქტში მონაწილეობას უარყოფს.

უკრაინაში ვიზიტამდე ანგელა მერკელი რუსეთში იყო ჩასული და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ეს ანგელა მერკელისთვის გერმანიის კანცლერის რანგში გამართული ბოლო ვიზიტები იქნება. 

კომენტარები