ალექსეი ნავალნი

მოსკოვში პოლიცია ნავალნის მხარდამჭერებთან მივიდა, მათი მისამართები ინტერნეტით გავრცელდა

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია მოსკოვში, 23 იანვარი
Reuters

17 აგვისტოს საღამოს მოსკოვის პოლიციამ მასობრივად დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, მხარდამჭერების სახლებში მისვლა. მათი მისამართები პოლიტიკოსის სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციასთან ერთად ინტერნეტში გავრცელდა.

OVD-Info-ს თანახმად, პოლიცია, სულ მცირე, 20 ადამიანთან მივიდა, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ ჭკვიანი კენჭისყრის საიტზე, აპრილში გამართული საპროტესტო აქციის სარეგისტრაციო საიტზე თავისუფლება ნავალნის (free.navalny.com) ან მხარს უჭერდნენ ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს.

OVD-Info-ს და გამოცემა Sova-ს თანახმად, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციელები ადამიანებს სთხოვდნენ, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, პირადი მონაცემების უკანონო გადაცემისთვის განცხადება დაეწერათ. 

Novaya Gazeta-ს სპეციალური კორესპონდენტი, ილია აზარი ტელეგრამზე წერს, რომ პოლიცია მასთანაც მივიდა.

"მე სახლში არ ვიყავი, მაგრამ მეზობლებს ინტერნეტში გავრცელებულ პირად მონაცემებზე ესაუბრნენ". – წერს აზარი.

2021 წლის აპრილში ინტერნეტში გავრცელდა იმ ადამიანების ელექტრონული მისამართების ბაზა, რომლებიც საიტზე თავისუფლება ნავალნის დარეგისტრირდნენ. ნავალნის გუნდმა აღიარა, რომ მონაცემები ნამდვილი იყო და ბოდიში მოიხადა. ნავალნის წარმომადგენლების თქმით, ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულია აქტივისტი ფიოდრ გოროჟანკო, რომელიც ანტიკორუფციულ ფონდში 2016-2019 წლებში მუშაობდა. თავად გოროჟანკო ამას უარყოფს.

ივნისში ინტერნეტით დაიწყო მონაცემთა ბაზით ვაჭრობა, რომელიც ჭკვიანი კენჭისყრის გამომწერების მონაცემებს შეიცავდა, მათ შორის მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მცხოვრებთა მისამართებს. Komersant-ის ინფორმაციით, 16 აგვისტოს ტელეგრამ არხებსა და დარქნეტში გავრცელდა ჭკვიანი კენჭისყრის გამომწერთა გაშიფრული მონაცემები, რომლებიც მისამართებსა და სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა.

ჭკვიანი კენჭისყრა ალექსეი ნავალნის შტაბის მიერ შემუშავებული ხმის მიცემის სტრატეგიაა. ეს სტრატეგია სთავაზობს ყველას, ვისაც არ უნდა, მმართველ პარტიას, ერთიან რუსეთს მხარი დაუჭიროს, ხმა მისცეს ყველაზე ძლიერ კანდიდატს სხვა პარტიიდან. ასეთ კანდიდატს ნავალნის შტაბი ადგენს. როგორც წესი, ეს იმ პარტიის წარმომადგენელია, რომლის კანდიდატმაც წინა არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა ამა თუ იმ ოლქში.

პროექტი ჭკვიანი კენჭისყრა 2018 წელს დაიწყო. მალევე როსკომნადზორმა პროექტის საიტი პერსონალური ინფორმაციის შესახებ უფლებების დამრღვევთა რეესტრში დაამატა და რუსეთის ფედერაციაში მისი დაბლოკვა დაიწყო.

ნავალნის ფონდი და პოლიტიკოსთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები 9 ივლისს "ექტრემისტულ" ორგანიზაციებად ცნეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 4 აგვისტოს შევიდა. ეს სტატუსი მიენიჭა კორუფციასთან ბრძოლის ფონდსმოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს და პოლიტიკოსის რეგიონულ შტაბებს. ორგანიზაციებს აეკრძალათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, აქციების ორგანიზება და არჩევნებში მონაწილეობა.

კომენტარები