სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ცხვირის ოპერაციის ფოტოების უნებართვოდ გასაჯაროების გამო ექიმი 1 000 ლარით დაჯარიმდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ერთ-ერთი კლინიკის ექიმი, პაციენტის ცხვირის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომი ფოტოების გასაჯაროების გამო, 1 000 ლარით დააჯარიმა. 

უწყების ინფორმაციით, ექიმის პირად Facebook-სა და Instagram-ის ანგარიშებზე განთავსებულ ფოტოებზე, პაციენტს თვალები დაფარული ჰქონდა, თუმცა, სახის სხვა მახასიათებლები მარტივად იძლეოდა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

"საქმის შესწავლის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პაციენტმა (განმცხადებელმა), სამედიცინო ისტორიის გახსნისას, კლინიკის მიერ მისი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში განთავსებაზე წერილობითი თანხმობა განაცხადა. თუმცა, მოგვიანებით, ოპერაციის ჩატარებამდე, იმავე გზით (წერილობით) უარი თქვა ფოტოსურათების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე.

ექიმის მიერ ვერ იქნა დასახელებული პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოსურათებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით გათვალისწინებული  საფუძველი. იგი აპელირებდა პაციენტის (განმცხადებლის) თავდაპირველ თანხმობაზე, რომლის საფუძველზეც მისი ფოტოსურათები შეინახა კომპიუტერის იმ საქაღალდეში, სადაც განთავსებული ჰქონდა იმ პაციენტების ფოტოსურათები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათი ფოტოსურათების სარეკლამო მიზნით გამოყენებაზე. ამასთან, ექიმის განმარტებით, პაციენტის (განმცხადებლის) ფოტოსურათებზე თანდართული ტექსტი არ მიემართებოდა კონკრეტულად ამ პაციენტს და იგი იყო ცხვირის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სტანდარტული სამედიცინო-სამეცნიერო-პოპულარული აღწერა, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ სხვა პაციენტების ფოტოსურათებზე არსებული აღწერის იდენტურია". – წერია უწყების განცხადებაში. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ასევე დადგინდა, რომ ამ ინფორმაციის სოციალურ ქსელში განთავსების უფლება ექიმს არ ჰქონდა მინიჭებული (და არც დავალებული) სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, შესაბამისად, ის მოქმედებდა სამედიცინო პროცედურების გამწევი კლინიკისგან დამოუკიდებლად.

სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების კონფიდენციალობის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემების დაცვისთვის, ასევე სამედიცინო პროფესიისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნებისთვის.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადამიანები განსაკუთრებულად მგრძნობიარენი არიან ჩატარებული პლასტიკური ოპერაციების, მათ შორის, რინოპლასტიკის შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნების, მით უფრო ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით გასაჯაროების საკითხისადმი. 

კომენტარები