ავღანეთი

თალიბანი "საყოველთაო ამნისტიას" აცხადებს და ქალებს მთავრობაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს

თალიბები ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში
The Times of Israel

უცხოური მედიის ცნობით, თალიბანი ავღანეთში ე.წ. საყოველთაო ამნისტიას აცხადებს და ქალებს მთავრობაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებ დაჯგუფების კულტურული კომისიის მეთაურმა, ენამულაჰ სამანგანიმ ისაუბრა ავღანურ მედიასთან, რომელსაც ახლა თავად აკონტროლებენ. 

"ისლამურ საამიროს არ სურს, ქალები მსხვერპლები იყვნენ. ისინი, შარიათის წესის მიხედვით, მთავრობის სტრუქტურაში უნდა იყვნენ. მთავრობის სტრუქტურა ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე, სრულად ისლამური მმართველობა უნდა იყოს და ყველა მხარე უნდა შემოგვიერთდეს". – თქვა ენამულაჰ სამანგანიმ. 

თალიბანის განცხადება ქაბულის აეროპორტში 16 აგვისტოს შექმნილ ქაოტურ სიტუაციას მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თალიბანს მოუწოდა, რომ მთავრობაში ქალებიც დაეშვათ.


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. ისლამისტები საამიროს გამოცხადებისა და შარიათის კანონის დაწესებისთვის ემზადებიან. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

16 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში არასტაბილური ვითარება იყო, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლები ქვეყნის დატოვებას თვითმფრინავებში შეღწევით ცდილობდნენ.

დაჯგუფებამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა. 

როგორც ვარაუდობენ, თალიბანის მთავრობის მეთაური მოლა აბდულ ღანი ბარადარი იქნება. 

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ 31 აგვისტოსთვის აშშ-ს ძალები ავღანეთს დატოვებდნენ, რაც ბევრად უფრო ადრე მოხდა.

კომენტარები