კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: დაწყებული შეზღუდვები დაახლოებით 80%-მდე გააუმჯობესებს ეპიდვითარებას

"მიგვაჩნია, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები დაახლოებით 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს". - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მისივე თქმით, შედეგი დაახლოებით 2 კვირის ვადაში გამოჩნდება.

"თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს უკვე ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს. ეს პერიოდი, როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება ხოლმე. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე, რათა ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ იმ დადებით პროგრესს, რომელიც ეპიდემიის გაუმჯობესების კუთხით ამ შეზღუდვებითაა მოსალოდნელი". - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამი კვირის განმავლობაში, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ:

  • მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.  გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
  • ფესტივალების, მასობრივი ღონისძიებების, კონცერტების და სპორტული შეჯიბრებების გამართვა იზღუდება, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით. 
  • არ იმუშავებენ ბავშვთა გასართობი ცენტრები. 
  • კვების ობიექტების მუშაობა ღამის 00:00 საათის ნაცვლად დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. 
  • ასევე, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.
  • ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან. 

ასევე, საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულოა.

კომენტარები