საბერძნეთი

ძლიერი ხანძრის გამო საბერძნეთის კუნძულ ევბეადან 2 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული [PHOTOS]

EPA

საბერძნეთის უდიდეს კუნძულ ევბეაზე ძლიერი ხანძრის გამო 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 570-ზე მეტი მეხანძრე კუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში ხანძრის ორ კერას ებრძვის. ცეცხლმა ათასობით ჰექტრის ტერიტორია მოიცვა და შენობა-ნაგებობები გაანადგურა. სხვადასხვა სოფლებში მეხანძრეებს ცეცხლის შეკავება უჭირთ. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია საბერძნეთის არმია. ოპერაციებში ასევე მონაწილეობას იღებენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ეგვიპტის, შვეიცარიის და ესპანეთის სამაშველო ძალები.

საბერძნეთში ბოლო 30 წელიწადში ყველაზე ძლიერი სიცხის პერიოდია. ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს. სიცხე ხანძრებთან გამკლავებას ართულებს.

პელოპონესის რეგიონში ხანძრების უმეტესობა ლოკალიზებულია და მდგომარეობა სტაბილურია. ხანძარი ძირითადად ჩააქრეს ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებშიც. თუმცა მდგომარეობის გამწვავების საფრთხე კვლავ არსებობს.

კომენტარები