აგვისტოს ომი

კანდელაკი: ღარიბაშვილი ომის პროვოცირებას საქართველოს აბრალებს, ამით რუსეთს კომფორტს უქმნის

აშშ-ს მთავრობამ, ევროკავშირმა, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა, პროდასავლურმა ოპოზიციამ საქართველოში - ყველამ აღნიშნა, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ შედიოდნენ ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც განახორციელეს სამხედრო აგრესიის აქტი და დაიწყეს ომი. 8 აგვისტოს ომის დაწყებას აღნიშნავს მხოლოდ ორი მთავრობა მსოფლიოში, რუსეთისა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, დუგინის ძმაკაცების ძმაკაცი ღარიბაშვილი ისევ წინა ხელისუფლებას, ანუ საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის პროვოცირებას და ამით უქმნის კომფორტს საერთაშორისო ასპარეზზე, საიდანაც ოცნებამ მოუხსნა ოკუპაციის საკითხი ოკუპანტ სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციას. ეს კომფორტის შექმნის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე და დუგინის ძმაკაცებთან ძმაკაცობა, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტისა და მომავლის ღალატი.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. 

საქართველოს მთავრობა აგვისტოს ომის 13 წლისთავს 8 აგვისტოს აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოება კი კონფლიქტის დაწყების წლისთავს  7 აგვისტოს გამოეხმაურა.

კომენტარები