კორონავირუსი საქართველოში

ინდოელი სტუდენტები: თვეებია, ვერ ვახერხებთ დაბრუნებას და სწავლის ხარისხიანად გაგრძელებას

ინდოელი სტუდენტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით მიმართავენ.

სტუდენტები, თვეებია, საქართველოში დაბრუნებას და სასწავლო პროცესში სრულყოფილად ჩართვას ვერ ახერხებენ და ითხოვენ, მთავრობამ მათ ნება დართოს საქართველოში ჩარტერული რესიების ნაცვლად რეგულარული რეისებით დაბრუნდნენ.

ინდოელი სტუდენტების განცხადება

მოგმართავთ 2000-ზე მეტი ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე სტუდენტი, რომლებიც ვსწავლობთ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამჟამად ვიმყოფებით ინდოეთში და პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და შეზღუდვების გამო, უკვე თვეებია, ვერ ვახერხებთ საქართველოში დაბრუნებას და სწავლის ხარისხიანად გაგრძელებას.

მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალ სტუდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეუძლიათ.

ჩარტერული რეისები აპრილის შემდგომ არ დანიშნულა. გარდა ამისა, ჩვენ ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში ვიმყოფებით, ხოლო ინდოეთის ტერიტორიის სიდიდის და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გამომგზავრება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქალაქიდან, ძალიან რთულია.

ამას გარდა, ზოგიერთი უნივერსიტეტი, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მაინც მოითხოვს ჩვენგან, რომ ფიზიკურად ვიმყოფებოდეთ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ჩვენს სტუდენტის სტატუსს.

რაც ყველაზე მთავარია, დისტანციურ რეჟიმში ჩვენ ვერ ვახერხებთ სრულფასოვნად ჩავერთოთ აკადემიურ პროცესში და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რაც საბოლოოდ, აისახება განათლების ხარისხზეც.

ჩვენ ვართ სრულად ვაქცინირებულნი და საქართველოში ჩამოსვლისას, მზად ვართ, დავიცვათ დამატებითი უსაფრთხოების წესებიც.

მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს ვადაში მიიღოთ გადაწყვეტილება და დაგვრთოთ ნება, საქართველოში გამოვემგზავროთ რეგულარული რეისებით, ნაცვლად ჩარტერული რეისებისა.

კომენტარები