9 აპრილის ტრაგედია

გორბაჩოვი 9 აპრილზე: მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბოლო თავმჯდომარემ, ასევე, სსრკ-ს პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა, რუსულ ონლაინ გამოცემაში Россия в глобальной политике (რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში) გამოაქვეყნა წერილი, სათაურით "გაიგო პერესტროიკა, იცავდე ახალ აზროვნებას". 

წერილი შეეხება საბჭოთა კავშირში პერესტროიკის, ანუ გარდაქმნის პოლიტიკას. 90 წლის გორბაჩოვმა სხვადასხვა თემებზე საუბრის დროს თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიაც გაიხსენა და თქვა, რომ მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება მის ზურგს უკან მიიღეს.

"ამ პერიოდში, 1987-1988 წლებში, ეთნიკური დავების მიმართ ერთობლივი დემოკრატიული მიდგომის შექმნას ვესწრაფოდი. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ეროვნული პრობლემების გადაჭრა, მართლაც, მხოლოდ ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების საერთო კონტექსტის გათვალისწინებით იყო შესაძლებელი. და უნდა ითქვას, რომ პირველი ეროვნული მოძრაობები ბალტიის რესპუბლიკებში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში პერესტროიკის მხარდამჭერი ლოზუნგებით მიმდინარეობდა. 1987 წელს კავშირიდან გამოსვლის საკითხს თითქმის არავინ ჭრიდა. 

მაგრამ ეროვნულ მოძრაობებში სეპარატისტულმა ტენდენციებმა საკმაოდ მალე იჩინეს თავი. რესპუბლიკებში პარტიულ ლიდერებს კი არ შეეძლოთ დემოკრატიის პირობებში მუშაობა. ისინი დაიბნენ. ეს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც 1987 წლის აპრილში ხალხი თბილისის ქუჩებსა და მოედნებზე გამოვიდა. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები ასევე უნდა გასულიყვნენ ხალხთან, მათ კი ბუნკერში ჯდომა ამჯობინეს და საქმე უბედურებამდე მივიდა: მიღებულ იქნა მოედნის დემონსტრანტებისგან "გაწმენდის" გადაწყვეტილება, დაიღუპა 21 ადამიანი, ათობით დაიჭრა.

რთულია ამის გახსენება, მაგრამ შემიძლია სუფთა სინდისით ვთქვა: თბილისში მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება ჩემს ზურგს უკან მიიღეს, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მაშინაც და მას შემდეგაც მე მყარად ვიცავდი ჩემს კრედოს: ყველაზე რთული პრობლემები პოლიტიკური საშუალებებით უნდა გადაწყდეს, ძალის გამოყენების გარეშე, სისხლის გარეშე" – წერს მიხეილ გორბაჩოვი.


1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი.

მოვლენები ასე ვითარდებოდა:

1989 წელს სოფელ ლიხში ჩატარებული ყრილობის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა, კრემლის მხარდაჭერით, საქართველოსგან გამოყოფა მოითხოვეს.

თბილისში რესპუბლიკის ხელმძღვანელობისაგან მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოითხოვეს, მაგრამ რეაგირება იგვიანებდა.

ამის პასუხად და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით თბილისში რამდენიმე ათეულმა სტუდენტმა შიმშილობა გამოაცხადა. სტუდენტებს მალე სხვებიც შეუერთდნენ.

რადიკალური მოთხოვნების მიუხედავად, შეკრება მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. მას დღითიდღე ემატებოდა ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან.

აქციებმა პიკს 4 აპრილს მიაღწია. დემონსტრაციების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.

მოძრაობის მასობრიობამ ​რესპუბლიკის მესვეურები შეაშფოთა. ვითარების ნორმალიზაციის მიზნით საგანგებო ზომები მიიღეს. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მითითებით, საქართველოში შინაგანი ჯარისა და საბჭოთა არმიის დამატებითი ქვედანაყოფები შემოიყვანეს.

8 აპრილს საქართველოს პარტიულმა აქტივმა მოიწონა გადაწყვეტილება მიტინგის სამხედრო ძალით აღკვეთის თაობაზე (საწინააღმდეგო აზრი შეკრების მხოლოდ ორმა მონაწილემ გამოთქვა). მომიტინგეთა დასაშინებლად იმავე დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტანკი გაატარეს, ხოლო თბილისის ცაზე სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. მიტინგის მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიტინგის აღკვეთის ოპერაციას ხელმძღვანელობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ იგორ როდიონოვს დაევალა.

როდიონოვის ქმედებას საქართველოშიც ჰყავდა მომხრეები. ცენტრალურ კომიტეტში იდეოლოგიის და უშიშროების მიმართულებით მომუშავე ქართველი კომუნისტები აპრილის აქციებში დიდ საფრთხეს ხედავდნენ.

"მხოლოდ ენით საბჭოთა სისტემის მტრებთან ბრძოლა არ შეძლება", - თქვა მაშინ ნუგზარ ფოფხაძემ.

1989 წლის 9 აპრილის ღამეს რუსთაველის გამზირზე ათეულ ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დარბევის დაწყებამდე საბჭოთა უშიშროების სამსახურის თხოვნით აქციის მონაწილეებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მივიდა. მან მოშიმშილეებს და აქციის ლიდერებს დაშლა სთხოვა, თუმცა, აქციის მონაწილეები ადგილზე დარჩნენ.

ნიჩბებითა და დღემდე დაუდგენელი შემადგენლობის გაზის ბალონებით შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცებმა აქციის დარბევა დილის სამ საათზე დაიწყეს. უშუალოდ 9 აპრილის ღამეს 20 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი რუსმა ჯარისკაცებმა კომენდანტის საათისას იმსხვერპლეს. დაღუპულთა შორის სამი არასრულწლოვანი იყო.

9 აპრილის დარბევისას დაიღუპნენ:

  1. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის
  2. ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის
  3. თამარ ჭოველიძე, 16 წლის
  4. მამუკა ნოზაძე, 22 წლის
  5. აზა ადამია, 22 წლის
  6. მანანა მელქაძე, 23 წლის
  7. ნატო გიორგაძე, 23 წლის
  8. ნინო თოიძე, 25 წლის
  9. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის
  10. გია ქარსელაძე, 25 წლის
  11. თამუნა დოლიძე, 28 წლის
  12. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის
  13. მანანა ლოლაძე, 33 წლის
  14. ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის
  15. ნანა სამარგულიანი, 41 წლის
  16. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის
  17. თამარ მამულიშვილი, 50 წლის
  18. ვენერა მეტრეველი
  19. ზაირა კიკვიძე, 61 წლის
  20. თინა ენუქიძე, 70 წლის
  21. შალვა ქვასროლიაშვილი

10 აპრილს თბილისში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა. კომუნისტური პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად მან თბილისში სიტუაციის დამშვიდება სცადა.

9 აპრილის შემდეგ საქართველოში დამოუკიდებლობის მოთხოვნით ფართო მოძრაობა დაიწყო, რაც 1991 წლის 9 აპრილს დასრულდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა.

კომენტარები