ბელარუსი

ბელარუსმა ათლეტმა, რომელმაც პოლონეთს თავშესაფარი სთხოვა, ჰუმანიტარული ვიზა მიიღო

კრისტინა ტიმანოვსკაია
Reuters

ბელარუსმა ათლეტმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელმაც პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, პოლონეთისგან ჰუმანიტარული ვიზა მიიღო.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ კრისტინა ტიმანოვსკაიას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა პოლონელ დიპლომატებთან ტოკიოში და პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მან სპორტული კარიერის გაგრძელება შეძლოს.

ტიმანოვსკაიამ პოლონეთს თავშესაფარი მას შემდეგ სთხოვა, რაც ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ის ოლიმპიადიდან მოხსნა და როგორც ათლეტი ამბობს, მისი ბელარუსში იძულებით დაბრუნება სცადა.

ტიმანოვსკაიას ქმარმა ბელარუსი დატოვა და ახლა უკრაინაში, კიევშია. AFP-ისთან საუბარში მან თქვა, რომ იმედი აქვს, უახლოეს მომავალში ცოლს პოლონეთში შეხვდება.

პირველ აგვისტოს ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კრისტინა ტიმანოვსკაია ოლიმპიადიდან მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აგვისტოს მას 200-მეტრიან დისტანციის წინასწარ გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა. თავად ათლეტმა თქვა, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობამ სცადა, მისთვის ბელარუსში დაბრუნება ეიძულებინა. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიმანოვსკაიამ ინსტაგრამზე ოლიმპიური ხელმძღვანელობის კრიტიკული ვიდეო გამოაქვეყნა.

ბელარუსში გაფრენამდე, ტოკიოს აეროპორტში მისულმა ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარება სთხოვა. ათლეტი ტოკიოში დარჩა და თქვა, რომ ბელარუსში სისხლისსამართლებრივი დევნის ეშინია.

კომენტარები