თვითმმართველობის არჩევნები 2021

ISFED ქართულ ოცნებას: შეწყვიტეთ ჩვენზე და ჩვენს დამკვირვებლებზე ზეწოლა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) შეშფოთებულია ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერ თავდასხმებთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს მმართველი პარტიის მიერ ISFED-ის წინააღმდეგ წარმოებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაა. 

ორგანიზაციის ცნობით, 1 აგვისტოს ხობში ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ISFED-ის გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენას უწევდა მონიტორინგს. როგორც ორგანიზაცია წერს, ბერაიამ ISFED-ის დამკვირვებელს "მატყუარა" უწოდა და ის "გამყალბებელი", "ქვეყნის გადამტრიალებელი" და "ნაციონალებთან შეკრული" ორგანიზაციის წარმომადგენლად მოიხსენია. 

უფრო მანამდე, 29 ივლისს, ISFED-ის ცნობით, ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მკვლევრებთან გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციას "დაბალი სტანდარტის მქონე" სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შეხვედრას ISFED-ის გრძელვადიანი წარმომადგენელიც ესწრებოდა. 

"მმართველი პარტიის წევრები ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ცდილობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვასა და მათი პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენებას, განსაკუთრებით კი, სამართლიანი არჩევნების საქმიანობის დელეგიტიმაციას, რომელცი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მასშტაბურ სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს. 

ამ მიზნის მისაღწევად მმართველი პარტია ყველა შესაძლებლობას იყენებს, მათ შორისაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მანდატიც. აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო კომისიის მიკერძოებული დასკვნებით, პროსახელისუფლებო ტელეარხებზე შეინიშნება საინფორმაციო კამპანია ორგანიზაციის წინააღმდეგ, რასაც ემატება მმართველი პარტიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ორგანიზაციის საქმიანობის წინააღმდეგ გამოქვეყნებული და დასპონსორებული პოსტი. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ თითქმის ყველა საჯარო პლატფორმაზე აქტიურად ხდება ორგანიზაციის წინააღმდეგ აგრესიული, მადისკრედირებელი მოსაზრებების გავრცელება. 

მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების აგრესიული რიტორიკა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე ინდივიდუალური თავდასხმები საგანგაშოა და სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე ზეწოლასა და მისი საქმიანობისთვის ხელშეშლას წარმოადგენს. ეს ყოველივე კი ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებსა და ღირებულებებს.  

საარჩევნო პროცესების სამოქალაქო მონიტორინგი დემოკრატიულ საზოგადოებებში არჩევნების გამჭვირვალე და თანასწორ გარემოში ჩატარების ერთერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ღრმად გვწამს, რომ ის ექსპერტული გამოცდილება, რომელიც ორგანიზაციას და მის ათასობით დამკვირვებელს საარჩევნო სფეროში დაუგროვდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების დემოკრატიულ ჩარჩოში წარმართვის საქმეში". – წერია განცხადებაში. 

ISFED მმართველ პარტიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ორგანიზაციასა და მის დამკვირვებლებზე ზეწოლა. სამართლიანი არჩევნები ქართულ ოცნებას შეახსენებს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობის უსაფრთხო და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვა, მათ შორის დამკვირვებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმთავრესად სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. 

"თავის მხრივ, სამართლიანი არჩევნები კვლავაც გააგრძელებს მისი დამკვირვებლების საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვისთვის ზრუნვას და ყოველ ღონეს იხმარს, რათა მათი მიგნებები და მონიტორინგის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი". – წერს ISFED

კომენტარები