პრაიდის კვირეული

DAILY BEAST საქართველოზე: კაცისმკვლელი ეკლესია, პუტინის დახმარებით, ამ ქვეყანას მართავს

ამერიკული ონლაინ მედია, The Daily Beast-ი აქვეყნებს მოსაზრებას საქართველოსთან დაკავშირებით:

"კაცისმკვლელი ეკლესია, პუტინის დახმარებით, ამ ქვეყანას მართავს - უწმინდური ალიანსი

მართლმადიდებელი ეკლესიის სიძულვილით სავსე რიტორიკა და რუსეთის მიზანმიმართული დეზინფორმაცია საქართველოს ბნელსა და საშიშ გზაზე აყენებს

5 ივლისს, სანამ რელიგიურ ანტი-ლგბტქ ექსტრემისტთა ბრბო ათობით ჟურნალისტს დაუნდობლად ესხმოდა თავს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კრემლისეულ ნაციონალისტურ პროპაგანდას აღვივებდა და ისედაც აგრესიულ ბრბოს ახალისებდა.

"არა ძალადობას კი არა. თქვენ ვალდებული ხართ, იძალადოთ. თქვენი სამშობლოსთვის. თქვენი ქვეყნისთვის. სიწმინდისთვის" – უყვიროდა მღვდელი თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ ბრბოს, როდესაც პრაიდის აღნიშვნის საწინააღმდეგო აქციები იმართებოდა. ეს არაფერი იყო, თუ არა ბრძოლის ყიჟინა.

საქართველოს რესპუბლიკა დაფუძნებული იყო დასავლურ მისწრაფებებზე, ყოველი წლის შემდეგ საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისა და NATO-სკენ მისწრაფებებისკენ გამოკითხვებში დაახლოებით 75%-ს აღწევს. თუმცა, ამავე დროს, ასევე იწევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდაჭერაც, მიუხედავად იმისა, რომ ფანატიკოს ეპისკოპოსებს თვალი უდგათ 88 წლის პატრიარქის ტახტზე, რისგანაც ეკლესია სკანდალებსა და ინტრიგებითაა დასვრილი, მათ შორის სექსუალური ძალადობის ბრალდებებითა და ციანიდით მკვლელობის გეგმებით. 

სწორედ აქ ხედავს მოსკოვი შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მითვისებას განაგრძობს, 2008 წლის ომი ჩავარდნა იყო. ამიტომაც, კრემლი საინფორმაციო ბრძოლაზე გადაერთო – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი მთავარი სამიზნეები არიან.

რუსულ სადეზინფორმაციო კამპანიას დიდი ხანია, აწარმოებენ მარიონეტული ქართულენოვანი გამოცემები და საზოგადო პირები, რომლებიც ქართული ტრადიციული ღირებულებების, სულიერებისა და პატრიოტიზმის მცველებად ინიღბებიან. მათი მიზანი? შექმნან პანიკა, რომ აშშ და ევროკავშირი მართლმადიდებლურ ქრისტიანობას ებრძვიან და მხოლოდ პუტინს შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული იდენტობის უზრუნველყოფა.

ამ კამპანიების გზავნილები რამდენადაც უცნაურია, იმდენად მრავლისმთქმელიცაა. მაგალითად, ის, რომ სირიის მსგავს დიქტატორულ რეჟიმებში ადამიანები უფრო ბედნიერად ცხოვრობენ, საქართველოს ტერიტორიის რეალური საფრთხე NATO-ს წევრი თურქეთია, რომ საბჭოთა კავშირში უკეთესი ცხოვრება იყო, რომ რუსეთს ახალი სუპერიარაღი აქვს, რაც მას სამხედრო უპირატესობას აძლევს და რომ აშშ-ს მართულ ლუგარის ლაბორატორიაში ვაქცინებს ქართველებზე ცდიან, რასაც რუსული მედიაც ავრცელებდა. 

არაა გასაკვირი, რომ ქართველები დაბნეულები და გაბრაზებულები არიან. ფაქტები, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, მიღებული იყო როგორც არანაირი მნიშვნელობის მქონედ და შეუსაბამოდ. 

2018 წელს კონტროვერსულმა "ჟურნალისტმა", ჯაბა ხუბუამ გაზეთ ასავალ-დასავალში ისეთი რამ თქვა, რაც აჯამებს საქართველოში კრემლის დეზინფორმაციულ გზავნილებს: "საქართველოში იან კელის ელჩობის დროს არნახულ მასშტაბებს მიაღწია ანტიეროვნული, ლიბერასტული, მამათმავლური იდეოლოგიის პროპაგანდამ და პრონარკოტიკულმა მოძრაობამ, რომელიც საბოლოო ჯამში, ქართველი ერის მორალურ და ფიზიკურ გენოციდს ისახავს მიზნად".

როდესაც მართლმადიდებელ "ქრისტიანთა" ბრბომ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა და 5 ივლისს პოლონელი ტურისტი დაჭრა, ცხადი გახდა, რომ ეს ყველაფერი მედიის თავისუფლებასა და ლგბტქ+ უფლებებზე მეტი იყო. იგივე, მზარდად ფუნდამენტალისტურმა რელიგიურმა ძალამ, რომელიც საქართველოს ეროვნული იდენტობის დაცვას იბრალებს, ძირი გამოუთხარა სეკულარულ დემოკრატიას და რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ეფექტიანობა სრულად ნათელი გახდა.

მაგრამ, ამას გარდა, კიდევ რაღაც იყო. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წარმატებით გამოიყენა მათი ბრაზი და უიმედობა, ვისაც ყველაზე მეტად აზიანებს საქართველოს მერყევი ეკონომიკა, განსაკუთრებით Covid-19-ის დროს. ახლა საქართველო მილიონში თითოს ინფიცირებით მსოფლიოს მასშტაბით მე-20 ადგილზეა. ეკლესიამ საქართველოს ეკონომიკური სადარდებლები გარდაქმნა ულტრანაციონალისტურ და ოჯახის სიწმინდის იმავე მოძღვრებებში, რომლებიც კრემლში ალექსანდრე დუგინმა მოუტანა. 

კრემლი ამას ევრაზიანიზმს ეძახის. გზავნილი ისეთივე მარტივია, რამდენადაც ის ისტორიული აბსურდია: პან-ევროპულობა და პან-ქრისტიანობა ურთიერთგამომრიცხავია და ამიტომ ევროკავშირი ნერგავს ჰომოსექსუალიზმს. ამ არასწორი დიქოტომიით, საქართველოს მთავრობა მოტყუვდა და ახლა ის სისტემატურად ამბობს უარს უმცირესობათა დაცვასა და მათკენ ძალადობის მომწოდებელი რელიგიური ლიდერების ალაგმვაზე. ეს არის განმეორებითი წრე, რომელიც მხოლოდ გაუარესდა.

11 ივლისს, ერთ-ერთი დაშავებული ჟურნალისტი, ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა. ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი იმავე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, საიდანაც ერთი კვირის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და მათ მოითხოვეს პრემიერმინისტრის გადადგომა. მან უარი თქვა.

გასულ კვირაში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა გამოაცხადა, რომ ისინი სიტუაციას ახლოდან აკვირდებოდნენ და დაამტკიცა, რომ შესაძლებელი იყო "ადამიანთა უფლებათა დარღვევის" გამო სანქციების დაწესება. იმ ქვეყნისთვის, რომელსაც რეგიონში დემოკრატიული ლიდერობისა და რეფორმების შუქურას უწოდებდნენ, ეს წარმოუდგენელი უკუსვლაა. 

ბრბოს თავდასხმების დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გააზრებული გადაწყვეტილება, რომ უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქეების დაცვა არ ღირდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამისი შესაძლებლობა აშშ-სგან მინიჭებული ჰქონდა. ამის სანაცვლოდ, პრემიერმინისტრმა პრაიდის ორგანიზება "რადიკალურ ოპოზიციასა" და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს აგრესიულად და სამხილის გარეშე დააბრალა.

ქართველი ხალხი სასტიკად დამოუკიდებელია. მათ ქვეყანაში ყველა ძლიერი დამპყრობელი იყო შეჭრილი. საქართველოს დამოუკიდებლობის სული არის მისი თავისუფლების მიზეზი. ეს არის 5 ივლისის მოვლენების დიდი ირონიულობა: ისინი, ვინც საქართველოს ეროვნული იდენტობისა და თავისუფლების დაცვას ცდილობდნენ, იმის ბრძანებებს ასრულებდნენ, ვისაც მისი წართმევა სურს."

წერს უილ კეთკარტი, The Daily Beast-ის ჟურნალისტი 2021 წლის 26 ივლისს.

კომენტარები