ირანი

"სიკვდილი დიქტატორს" – ირანის საპროტესტო აქციები თეირანში გრძელდება

2021 წლის ივლისის საპროტესტო აქციები ირანში

ირანში, ხუზისტანის რეგიონში უწყლობის გამო დაწყებული საპროტესტო აქციები თეირანში გრძელდება

"სიკვდილი დიქტატორს" – ისმის დემონსტრანტების შეძახილები ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში. 

ვიდეოჩანაწერს რადიო თავისუფლების ინგლისურენოვანი გამოცემა აქვეყნებს. 

 ასევე, ზოგიერთ ვიდეოში დემონსტრანტები ყვირიან: "არც ღაზას და არც ლიბანს, ჩემს სიცოცხლეს ვწირავ ირანს". ეს ლოზუნგი წარსულის საპროტესტო აქციებზეც ისმოდა. მისი შინაარსი ხალხის უკმაყოფილებაა იმ ფაქტის მიმართ, რომ ირანის მთავრობა აფინანსებს ღაზის სექტორში მყოფ რადიკალურ დაჯგუფება ჰამასსა და ლიბანში მოქმედ ჰეზბოლას. 

თეირანში, ინფორმაცია 26 ივლისის საპროტესტო აქციების შესახებ ქალაქის მერმაც დაადასტურა. მისი თქმით, დემონსტრაციების მიზეზი უშუქობა იყო, მაგრამ რადიო თავისუფლების ცნობით, თეირანის აქციაზე ხუზისტანის დემონსტრაციებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ზოგიერთ ვიდეოჩანაწერში ისმის დემონსტრანტების უკმაყოფილო დამოკიდებულება სასულიერო პირების მიმართაც: "ზარბაზნები, ტანკები, მოლები უნდა წავიდნენ".

ირანის მთავრობის მიერ მომაკვდინებელი და არაპროპორციული ძალის გამოყენების მიუხედავად, საპროტესტო აქციები უკვე მესამე კვირაა, გრძელდება. არიან დაღუპულებიც. 


ხუზისტანის პროვინციაში უწყლობის გამო დიდი საპროტესტო გამოსვლები იმართება. დემონსტრაციებს მინიმუმ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოკვდა 1 პოლიციელი და 2 დემონსტრანტი.

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოები, რომლებშიც ჩანს პოლიციის მიერ ცეცხლის გახსნა და დაჭრილები.

ხუზისტანში დაწყებული პროტესტი ქვეყნის სხვა ნაწილებსაც მოედო. 23 ივლისს ლურისტანის პროვინციის ქალაქ ალიგუდარზში ირანელმა პოლიციელებმა დაიჭრეს ორი ადამიანი.

ბოლო 50 წლის განმავლობაში, ირანი ყველაზე დიდი გვალვის წინაშე დგას, მაგრამ ბუნებრივ მოვლენას აუარესებს ცუდი წყალგაყვანილობა. ხუზისტანის პროვინცია ფაქტობრივად უწყლოდ იყო დარჩენილი. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ირანელები საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ყველაფერს ართულებს Covid-19-ისა და ირანისთვის აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების როლი. 

ხუზისტანის პროვინციაში, სადაც არაბთა დიდი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, ათობით ქალაქში დემონსტრაციები 15 ივლისს დაიწყო. 22 ივლისს გავრცელდა კადრები, რომლებშიც პროტესტები ლურისტანის პროვინციაში, ასევე ქალაქ ბუშირსა და ისპაჰანში მიმდინარეობდა.

"ნუ გავახარებთ მტრებს. ნუ გამოვაყენებინებთ ირანის მოწინააღმდეგეებს ამ პროტესტებს საკუთარი თავის სასიკეთოდ" – თქვა ირანის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლები უწყლობის პრობლემაზე მუშაობენ.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის თქმით, ირანის მთავრობამ აქციების დარბევის დროს ძალას გადაამეტა.

კომენტარები