Nord Stream 2

WSJ: აშშ-მ და გერმანიამ NORD STREAM 2-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

STINE JACOBSEN/REUTERS

აშშ-მ და გერმანიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც რუსული მილსადენის, ჩრდილოეთის ნაკადის დასრულების შესაძლებლობას იძლევა. ინფორმაციას, წყაროებზე დაყრდნობით, The Wallstreet Journal-ი ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია უარს იტყვის ბოლო წლების პოლიტიკაზე, რომლითაც ვაშინგტონი მილსადენის ეწინააღმდეგებოდა. შეთანხმების ფარგლებში, გერმანია უკრაინას ენერგოსფეროსთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებასა და დიპლომატიურ ძალისხმევაში დაეხმარება.

ოთხპუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში, გერმანია და აშშ 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ უკრაინის მწვანე-ენერგიის ინფრასტრუქტურაში, რაც განახლებად ენერგიას და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებს გააძლიერებს. გერმანია ასევე მხარს დაუჭერს ენერგოპოლიტიკის განხილვას სამი ზღვის ინიციატივის, ცენტრალური დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში.

გამოცემის თანახმად, ბერლინი და ვაშინგტონი იზრუნებენ, რომ უკრაინამ კვლავ მიიღოს სატრანზიტო გადასახადი, 3 მილიარდი დოლარი, რომელსაც რუსეთი უკრაინას მიმდინარე შეთანხმების ფარგლებში უხდის. შეთანხმება ძალაში 2024 წლამდე იქნება. WSJ-ს თანახმად, წყაროს არ აუხსნია, როგორ შეძლებენ დასავლელი პარტნიორები ამის უზრუნველყოფას.

აშშ ასევე შეინარჩუნებს პრეროგატივას, მომავალში დაუწესოს რუსეთს მილსადენებთან დაკავშირებული სანქციები. WSJ-ს წყაროს თანახმად, ბერლინი დათანხმდა, მომავალში არ შეწინააღმდეგებოდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

აშშ-ს წინა ორი – ტრამპისა და ობამას, ადმინისტრაცია ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა და შიშობდა, რომ მილსადენი ევროპაში რუსეთის გავლენას გაზრდიდა. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ მილსადენი ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას გაზრდიდა, რასაც შემდგომ რუსეთი აშშ-ს მოკავშირეების შანტაჟისთვის გამოიყენებდა. 

პრეზიდენტმა ბაიდენმა გერმანიასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით მაისში უარი თქვა კომპანია Nord Stream 2 AG-ის და მისი მთავარი აღმასრულებელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

WSJ წერს, რომ თანამდებობის პირების თქმით, ჯო ბაიდენი მილსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგება და მას კრემლის გავლენის გაზრდის იარაღად მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ მოკავშირეების გაერთიანებული მუშაობა მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

აშშ-გერმანიის შეთანხმების საფუძველზე, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის დასრულების შემდეგ რუსეთი შეძლებს გერმანიას ორჯერ უფრო მეტი ბუნებრივი აირი პირდაპირ მიაწოდოს და გვერდი აუაროს უკრაინის გავლით მილსადენის გამოყენებას.

როგორც WSJ წერს, საკითხთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, აშშ-სა და გერმანიის შეთანხმება უახლოს დღეებში დასრულდება და მის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, შესაძლოა, ოთხშაბათს, 21 ივლისს გავრცელდეს.

კომენტარები