შვედეთი

COVID-19-თან ბრძოლა მკაცრი შეზღუდვების გარეშე – როგორ დასრულდა შვედური ექსპერიმენტი

შვედეთი

COVID-19-თან ბრძოლა მკაცრი შეზღუდვების გარეშე – როგორ დასრულდა შვედური ექსპერიმენტი

COVID-19-ის ტალღა, სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად, შვედეთსაც მნიშვნელოვნად შეეხო- დღემდე კორონავირუსით შვედეთში 1,094,287 დაინფიცირდა, ხოლო 14,609 გარდაიცვალა. თუმცა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით,  შვედეთმა ვირუსთან ბრძოლის სრულიად განსხვავებული სტრატეგია აირჩა და მთელი წლის განმავლობაში თითქმის არ დაუწესებია მკაცრი შეზღუდვები სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაზე, მუშაობა გააგრძელეს კვების ობიექტბმაც და სასწავლო დაწესებულებებმა.

კორონავირუსთან ბრძოლის შვედურ მოდელს თავიდანვე ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ბევრიც თვლიდა, რომ პანდემიის პირველ ტალღის პერიოდში  თუ არა, მეორე ტალღის დროს მაინც შეიცვლიდა მიდგომებს და “ლოქდაუნის” ცდუნებას ვერ გაუძლებდა, მოლოდინების საწინააღმდეგოდ, შვედეთმა  შეძლო და მთელი წლის განმავლობაში მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაიარა პანდემია. მთავარ კითხვად კი რჩება, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შვედური სტრატეგია, რაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მსუბუქ შეზღუდვებს მოიცავს.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მნიშვნელოვანია შვედერთში ეპიდვითარება და ეკონომიკური მდგომარეობა შევადაროთ სხვა განვითარებული ქვეყნებისას(აშშ; ჰოლანდია; ისრაელი; ბელგია; საფრანგეთი; შვეიცარია; ესპანეთო; ავსტრია; იტალია; ბრიტანეთი; ირლანდია; დანია; გერმანია; საბერძნეთი; კანადა; ნორვეგია; ისლანდია; ფინეთი; სინგაპური; იაპონია; ავსტრალია; ახალი ზელანდია) რამდენიმე პარამეტრის მიხედვით, რაც მოიცავს შეზღუდვების სიმკაცრეს, COVID-19-ის გავრცელებას, COVID-19-ისგან სიკვდილიანობას და  ეკონომიკურ მდგომარეობას. 

შეზღუდვების სიმკაცრე 

ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად ანახლებს კორონავირუსების საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის მიხედვით ქვეყნების რეიტინგს 0-დან 100 ქულამდე შკალაზე. ამ მონაცემების მიხედვით, ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მასშტაბურად  2020 წლის მარტის დასასრულიდან ივნისის დასაწყისამდე მოქმედებდა, შემდეგ ქვეყნებმა შეზღუდვები შეამსუბუქეს, ხოლო  მეორე ტალღის დასაწყისში, დაახლოებით ნოემბრიდან, ევროპის მასშტაბით კვლავ შეზღუდვების გამკაცრება იწყება, რომელიც მაისის დასაწყისამდე გასტანს.

პირველი ტალღის პიკის პერიოდში ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე განვითარებული ქვეყნების (80 ქულაზე მეტი) 10-ეული მოიცავს: ახალი ზელანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ავსტრია.მეორე მხრივ განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მსუბუქი შეზღუვდვები პირველ ტალღაში დააწესა: იაპონიამ, ისლანდიამ, შვედეთმა, ფინეთმა, დანიამ, შვეიცარიამ, ავსტრალიამ, კანადამ, გერმანიამ, თურქეთმა;

შეზღუდვების სიმკაცრე რამდენიმე პარამეტრით განისაზღვრება. ძირითადად ესენია: სკოლების, სამუშაო ადგილების, საზღვრების, გასართობი დაწესებულებების დაკეტვა, სახლიდან გასვლის აკრძალვა - ქულა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანას რამდენად მკაცრად აქვს დაწესებული მოცემული შეზღუდვები.

COVID-19-ის შეზღდვების სიმკაცრე პირველი ტალღის პერიოდში

წყარო: Oxford COVID-19 Government Response Tracker (5 ივლისის მონაცემები)

შვედეთში ყველა ეს შეზღუდვვა მხოლოდ კონკრეტულ კატეგორიებს ეხებოდათ და არ გამხდარა საყოველთაო, მაგალითად, პირველი ტალღის პიკში, შვედეთმა მხოლიდ 17 წლის ზემოთ კოლეჯისა და უნივერსიტეტის სტუდენტები ჰიბრიდულ რეჟიმში გადაიყვანა, ხოლო სკოლები და ბაღები ღია დატოვა; სამუშაო ადგილები მხოლოდ ნაწილობრივ დახურა, ღია დატოვა რესტორნები და ბარები, სავარჯიშო დარბაზები, ამასთან ერთად, შვედეთს  არ გაუცია პირბადის ტარების რეკომენდაციაც. შედეგად, ამ ორივე ტალღაში მაქსიმალური შეფასება, რაც შვედეთმა მიიღო შეზღუდვების სიმკაცრის მიხედვით  იყო 100 დან 61,48 ქულა.

თუმცა პირველ ტალღაში შვედეთზე უფრო მსუბუქი შეზღუდვები განვითარებული ქვეყნებიდან ჰქონდა ისლანდიას და იაპონიას. მართალია იაპონიაში სკოლები ყველა საფეხურზე დაკეტეს, თუმცა იაპონიამ უფრო მსუბუქი შეზღუდვები დააწესა სამუშაო ადგილებზე. რაც შეეხება ისლანდიას, იაპონიისა და შვედეთისგან განსხვავებით, მას  სახლში დარჩენის რეკომენდაცა საერთოდ არ გაუცია. სხვა მხრივ, სკოლები და სამუშაო ადგილები ნაწილობრივ იქაც დაიხურა. 

მეორე ტალღაში გლობალური სურათი პიკის დროს დიდად არ შეცვლილა. იმ ქვეყნების უმრავლესობას, რომელთაც პირველ ტალღაში მკაცრი შეზღუდვები ჰქონდათ, მეორე ტალღაშიც კვლავ იგივე მოუწიათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა: ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და სინგაპური - სამივე ქვეყანას მეორე ტალღაში გაცილებით მსუბუქი შეზღუდვები ჰქონდათ: სინგაპურს ამ პერიოდში ყველაზე მაქსიმალური 58.3ქულა მიენიჭა; ახალ ზელანდიას- 62,5 ქულა; სამხრეთ კორეას - 68.9; ამის მიზეზია COVID-19-ის შემცირებული შემთხვევები, ფაქტობრივად, სამივე ქვეყანამ პანდემია პირველ ტალღაშივე დაამარცხა.

თუმცა მეორე ტალღის პერიოდში  შეზღუდვების გამკაცრება დამატებით  სხვა სახელმწიფობსაც მოუწიათ, მაგალითად,  ბრიტანეთს, თურქეთს და  გერმანიას.

აქვე მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის შეზღუდვების ხანგრძლივობა. პირველ ტალღაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა რომ შევადაროთ  ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი შეზღუდვების მქოდე შვედეთს, მთელი წლის განმავლობაში შვედეთს უფრო დიდხანს ჰქონდა შედარებით მკაცრი შეზღუდვები, ვიდრე ახალ ზელანდიას, ან სამხრეთ კორეას. თვალსაჩინოებისთვის, მთელი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას შვედეთზე უფრო მკაცრი შეზღუდვები მაქსიმუმ 80 დღის განმავლობაში ჰქონდა. ამის მიზეზია ის, რომ  მეორე ტალღა, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ.  


COVID-19-ის შეზღუდვების  მიხედვით ყველაზე მკაცრი ქვეყნები და შვედეთი

წყარო: Oxford COVID-19 Government Response Tracker

COVID-19-ის გავრცელება

СOVID-19-ის გავრცელების ან სიკვდილიანობის მიხედვით ქვეყნების შედარებისას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი: 1) მონიტორინგის პრობლემა - ქვეყანაში COVID-19-ის მცირე შემთხვევები შეიძლება სინამდვილეში უკავშიდებოდეს ტესტების ნაკლებობას და არა შემთვევების შემცირებას - ეს განსაკუთრებით პრობლემურია განვითარებად ქვეყნებში, ამიტომ შედარებისთვის ძირითადად განვითარებულ ქვეყნებს ავიღებ;  და მეორე, მნიშვნელოვანია იმ გარე ფაქტორების გათვალისწინებაც, რაც ხელს უწყობს ან პირიქით ხელს უშლის ზოგიერთ ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებას. თავდაპირველად ამ ძირითადი ფაქტორების განხილვით დავიწყებ.

ჯერ კიდევ არსებობს უამრვავი უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა COVID-19-ის გავრცელებაში, რამდენად არის ქვეყნის საშუალო ტემპერატურა, სიმაღლე, ან  დაბიძნურების ხარისხი COVID-19-ის გავრცელებასთან კავშირში. მსგავსი ბუნდოვანების პირობებში აქცენტს გავაკეთებ იმ ფაქტორებზე, რომელზეც შედარებით არსებობს თანხმობა, ესენია: რამდენად არსებობს ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის შესაძლობლობა, რაც უკავშირდება მოსახლეობის სიმჭიდროვესაც; ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა-  რამდებად შეუძლია საზღვრების კონტროლი კოროვირუსის გარედან შემოსვლის შესამცირებლად და ასევე  ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის გადანაწილება. 

თავდაპირველად დავიწყებ განვითარებული ქვეყნების შედარებით. COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევბის მქონე განვითარებული ქვეყნების 10-ეულია: შვედეთი; ამერიკა; ჰოლანდია; ისრაელი; ბელგია; საფრანგეთი; შვეიცარია; ესპანეთი; ავსტრია; იტალია. მცირე რაოდენობით შემთხვევების: ახალი ზელანდია, ავსტრალია, იაპონია, სინგაპური, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, კანადა, საბერძნეთი, გერმანია.

COVID-19-ის გავრცელება მილიონ კაცზე:

წყარო: COVID-19 Data Repository by the Center for Systems Science and Engineering (CSSE) at Johns Hopkins University (5 ივლისის მონაცემები)

შვედეთში ინფიცირებულთა რიცხვის განსაკუთრებული ზრდა მეორე ტალღაში დაფიქსირდა - მაქსიმალურმა დღიურმა მაჩვენებელმა მილიონ კაცზე 736.8-ც შეადგინა, როცა პირველ ტალღაში მხოლოდ 108.2 იყო - ეს სხვაობა უკავშირდება ტესტირების განსხვავებულ სტრატეგიასაც.

პირველ ტალღის განმავლობაში შვედეთში ძირითადად სიმპტომურ პაციენტებს ტესტავდნენ  და, შესაბამისად,  ნაკლები ტესტიც  კეთდებოდა. შვედეთში ჯამური ტესტების რაოდენობასა და დადებითობაზე მონაცემები პირველ ტალღის დასაწყისში საერთოდ არ არის აღრიცხული, სექტემბრისთვის  1 000 კაცზე 1.47 ტექსტი კეთდებოდა, თუმცა მეორე ტალღის დროს ეს რიცხვი გაორმაგდა. შედარებისთვის, ყველაზე მეტი ტესტი პირველი ტალღის განმავლობაში ისლანდიაში ფიქსირდებოდა, სადაც  2020 წლის აპრილში 1 000  კაცზე 4.99 ტესტი კეთდებოდა. 

მონიტორინგის გარდა, ტესტირება მნიშვნელოვანია წერტილოვანი შეზღუდვების ეფექტურად გასატარებლად. შედარებისთვის ავიღოთ ის სამი ქვეყანა, რომელსაც COVID-19-ის ყველაზე ნაკლები გავრცელება ჰქონდა: ახალი ზელანდია, ავსტრალის, იაპონია. ახალ ზელანდიაც და ავსტრალიასაც პირველი ტალღის ბოლოს დღიური ტესტირებებით შვედეთს უსწრებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა გავრცელება ჰქონდათ გაცილებით მცირე. ამით შეგვიძლია ავხსნათ ის ფაქტიც, რომ  შვედეთის წერტილოვანი შეზღუდვები ხშირად დაგვიანებულიც იყო - მაგალითად, შვედეთს დააგვიანდა მოხუცთა თავშესაფრების დაკეტვა - მოცემულ დაწესებულებებში ვიზიტორების მიღება აკრძალა მაშინ, როდესაც გავრცელება უკვე ძალიან მაღალი იყო. 

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის საზღვრების კონტროლი. ავსტრალია, ახალი ზელანდიაც და იაპონიაც კუნძულოვანი ქვეყნები არიან, ამიტომ საზღვრების კონტროლი შედარებით უფრო მარტივია. ამასთან ერთად, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამაც თავიდანვე მკაცრი შეზღუდვები დააწესა საზღვრის კვეთაზე. იაპონიამ საზღრების კონტროლი შედარებით უფრო გვიან გაამკაცრა, იქამდე კი მხოლოდ კონკრეტული ქვეყნებიდან ჰქონდა აკრძალული. მეორე მხრივ, შვედეთმა საყოველთაო შეზღუდვები ფრენებზე 14 მარტიდან დაიწყო - ამ პერიოდში მილიონ კაცზე 11.53 შემთხვევა უკვე ჰქონდა ინფიცირების, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იქამდე შვედეთმა იტალიაში, ჩინეთში და ირანში მოგზაურობისიგან თავშეკავებისკენ მოუწოდა მოსახლეობას. 

მესამე ფაქტრორია მოსახლეობის სიმჭიდროვე. შვედეთის სიმჭიდროვე 25 კმ(2)-ია, ახალი ზელანდიის 18 კმ(2), ავსტრალიის - 3.4 კმ(2), იაპონიის 347.07კმ(2). აქედან შვედეთს მხოლოდ იაპონია უსწრებს. ამასთან ერთად, ავსტრალისაც, განსაკუთრებით კი ახალ ზელანდიას, შვედეთზე უფრო მკაცრი შეზღუდვები ჰქონდათ სოციალური დისტანციის დასაცავად, ამიტომ გასაკვირი არ არის პანდემიის მცირე გავრცელება. რაც შეეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე, შვედეთს ამ სამი ქვეყნიდან მხოლოდ ავსტრალია უსწრებს ერთ სულზე $52,825 -ით, შვედეთს აქვს $51,796.

ამ მაგალითებიდან ყველაზე უჩვეულო იაპონიის შემთხვევაა. შვედეთის მსგავსად, იაპონიას არც ცხელი კლიმატი აქვს, არც დაბალი სიმჭიდროვე, არც განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ტესტები ჰქონია, არც მკაცრი შეზღუდვები და  არც ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს, ამის მიუხედავად, იაპონიას COVID-19 -ის  ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელება და სიკვდილიანობა აქვს. 

იაპონიის მოდელი მთლიანად დამოკიდებული იყო მოხალისეობირივ “ლოქდაუნზე”, რამდენად გაითვალისწინებდა საზოგადოება ხელისუფლების რეკომენდაციებს.  ამ მიდგომამ გაამართლა: იაპონიის რკინიგზის ცნობით, აპრილში, ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მატარებლის ქსელი შესაძლებლობის მხოლოდ 5%-ს იყენებდა, მაშინ, როცა წინა წლების ამავე პერიოდში 105%-ს. ამასთან ერთად, მობილური ტელეფონის მონაცემებით გაირკვა, რომ ცენტრალურ ტოკიოში მოსახლეობის რაოდენობა 60%-ით შემცირდა.

მოხალისეობრივმა “ლოქდაუნმა” შვედეთშიც გაამართლა. მობილური ტელეფონების მონაცემების მიხედვით, აღდგომის არდადეგების განმავლობაში შვედეთის ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილებში ვიზიტი 90%-ით შემცირდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მკაცრი შეზღუდვების გარეშეც შესაძლებელია საზოგადოებაში მობილობის შემცირება პანდემიის დროს.

ამ მხრივ მთავარი განსხვავება შვედურ და იაპონურ მოხალისეობრივ “ლოქდაუნებს” შორის  იყო პირბადის მოხმარების საკითხი. შედეთს პირველ ტალღაში პირბადის ტარების რეკომენდაციაც არ გაუცია. მეორე მხრივ, იაპონიაში  პირბადის ტარება იყო ძალიან მაღალი - ამის მიზეზი ისიცაა, რომ იაპონიაში ადრეც რეგულარულად ატარებდნენ პირბადეს ვირუსების სეზონზე, ამიტომ მოსახლეობისთვის უჩვეულო არ ყოფილა მსგავსი რეკომენდაციის გათვალისწინება.

ჯამში, მართალია შვედეთს ორივე ტალღაში ინფიცირების დიდი რაოდენობა ჰქონდა, თუმცა  მძიმე ლოქდაუნების გარეშეც შეძლო ორივე შემთხვევაში როგორც ინფიცირებულთა რიცხვის, ასევე COVID-19-ით სიკვდილიანობის შემცირება, თუმცა შვედეთმა ვერ შეძლო მეორე ტალღის თავიდან აცილება, რაც ახალმა ზელანდიამ, იაპონიამ და ავსტრალიამ მოახერხა. ძირითადად ამან განაპირობა შვედეთში COVID-19-ის მაღალი გავრცელების სტატისტიკა.

COVID-19-ით სიკვდილიანობა

სახელმწიფოს პანდემიის წინააღმდეგ სტრატეგიის შეფასებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია  COVID-19-ისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი - ეს ის ნაწილია, რომელსაც შვედური მოდელის მთვარი კრიტიკოსები ხშირად იყენებენ მის წინააღმდეგ.

COVID-19-ით სიკვდილიანობის სტატისტიკაზე დიდ გავლენას ახდენს რისკ-ჯგუფების დაინიფიცრების მაჩვენებლი (რისკ-ჯგუფი ძირითადად მოიცავს 65 წლის ზემოთ მოსახლეობას და პაციენტებს თანდაყოლილი დაავადებებით); ქვეყანაში მძიმე პაციენტების მიღების შესაძლებლობა, რაც გულისმხობს რეანიმაციული განყოფილებებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რაოდენობასა, და ასევე მოხუცთა თავშესაფარებში პანდემიის გავრცელების დონე. 

თავდაპირველად დავიწყებ სიკვდილიანობის მიხედვით ქვეყნების შედარებას. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მილიონ მოსახლეზე (აპრილის ბოლო კვირა)  COVID-19-ით სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებიდან ჰქონდა: ბელგიას, იტალიას,  ბრიტანეთს, ამერიკას, ესპანეთს, საფრანგეთს, შვედეთს, შვეიცარიას, საბერძნეთს, ავსტრიას. ყველაზე ნაკლები სიკვდილიანობა:  ახალ ზელანდიას, სინგაპურს, ავსტრალიას, სამხრეთ კორეას, ისლანდიას, იაპონიას, ნორვეგიას, ფინეთს, დანიას, კანადას - აქედან მხოლოდ ორი ქვეყანაა ისეთი, რომელებიც პირველი ტალღის დროს მკაცრი შეზღუდვების 10-ეულში მოხვდა, ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა.

   COVID-19-ით  სიკვდილიანობა მილიონ კაცზე:                     

   წყარო: COVID-19 Data Repository by the Center for Systems Science and Engineering (CSSE) at Johns Hopkins University (5 ივლისის მონაცემები)

ორივე ტალღა ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ, პირველ ტალღაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა: ბელგიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, კანადაში. მეორე ტალღაში მთავარი ცვლილება შეეხო საბერძნეთს და ავსტრია - ორივეს თავდაპირველად სიკვდილიანობა დაბალი ჰქონდათ, ამის მთავარი მიზეზი იყო მკაცრი შეზღუდვები და ლოქდაუნი, რაც კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ მკაცრი შეზღუდვები COVID-19 თან მიმართებით სარგებელს მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში იძლევა და არ არის საკმარისი პანდემიის შესაჩერებლად.

პირველი ტალღის განმავლობაში შვედეთში მაქსიმალური დღიური სიკვდილიანობა 10,64%-ი დაფიქსირდა, ხოლო მეორე ტალღაში - 13.62%-ი. შვედეთი რომ შევადაროთ სიკვდილიანობის მიხედვით ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს: ახალ ზელანდიას, სინგაპურს და ავსტრალიას, დავინახავთ, რომ მათთან შედარებით შვედეთს გაცილებით მეტი შემთხვევა ჰქონდა ინფიცირების - 100-ჯერ მეტი ვიდრე ახალ ზელანდიას, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია. 

როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ ამხელა განსხვავება არსებობს, ამ ოთხი ქვეყნის შედარებისას უნდა ვუყუროთ არა აბსოლიტურ რიცხვებს, არამედ შემთხვევებისა და სიკვდილიანობის თანაფარდობას. შვედეთში ეს თანაფარდობა 1.35%-ია, ახალ ზელანდიაში - 0.95%-ი; ავსტრალიაში - 2.97%-ი; სინგაპურში - 0.06%-ი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ შვედეთში COVID-19-ისგან სიკვდილიანობის პროცენტულობა მაღალი არ ყოფილა, ამის უპირველესი მიზეზი იყო მომზადებული სამედიცინო სექტორი. 

შვედეთის COVID-19-ის საწინააღმდეგო სტრატეგია გულისხმობდა შეზღუდვების ნაცვლად კლინიკური შესაძლობლობის მაქსიმალურად გაზრდას, რაც პირველ რიგში რეანიმაციული  საწოლებისა და სამედიცინო აღჭურვილობების მომარაგებას გულისხმობს, განსაკუთრებით ჟანგბადის სასუნთქ აპარატებს. შვედეთის მოსახლეობა 10 მილიონია - ამ პირობებში, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, პანდემიის დაწყებამდე რეანიმაციეული საწოლების  რაოდენობა 526 იყო, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მცირეა. თუმცა შვედეთმა მოახერხა და რამდენიმე კვირაში 2-ჯერ 1 100-მდე გაზარდა. სტოკჰოლმის ყველაზე დიდ კლინიკაში, კაროლინსკაში რეანიმაციის საწოლები 38-დან 200-მდე გაზარდეს, პიკის პერიოდში კი მხოლოდ 140 საწოლი იყო დაკავებული, რაც შეეხება სამედიცინო აღჭურვილობას, შვედეთი ჟანგბადის სასუნთქი აპარატებით სხვა ქვეყნებსაც კი ეხმარებოდა, მათ შორის იტალიასაც და ინდოეთსაც. შესაბამისად, შვედეთში დაინფიცირების შემდეგ მძიმე პაციენტების მიღება არ გამხდარა პრობლემა.

სამედიცინო მობილიზაცია მაღალი იყო აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებშიც: მაგალათად, ახალ ზელანდიაში 4 მილიონი მოსახლეობის პირობებში პანდემიის დაწყებამდე რეანიმაციეული საწოლების რაოდენობა 176 იყო 442-მდე გაზრდის პერსექტივით, ამასთან ერთად, დასაწყისში ჰქონდა 520 ჟანგბადის აპარატი. ხოლო სინგაპურს, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონზე მეტია,  პანდემიის დასაწყისში ჰქონდა 150 რეანიმაციული საწოლი 450- მდე გაიზრდის პერსპექტივით. ამ მხრივ გამოირჩეოდა ავსტრალიაც, რომელსაც 25 მილიონ მოსახლეზე  პანდემიისთვის მობილიზებული ჰქონდა  2,378 რეანიმაციული საწოლი და  2631 ჟანგბადის აპარატი. 

შვედეთში სიკვდილიანობის მაჩვენელი სხვა ფაქტორმა განაპირობა, რაც უკაშირდება COVID-19-ის მოხუცთა თავშესაფრებში გავრცელებას: პირველივე ტალღის დასაწყისში შვედეთს არ გაუმართლა და  COVID-19-ით მოხუცთა თავშესაფარში ბევრი დაინფიცირდა, შედეგად, შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, 14 მიასამდე COVID -19 ით სიკვდილიანობის შემთხვევბის 48.9%-ი მოცემულ დაწესებულებებში იყო, რის გამოც 31 მარტს  ვიზიტები აიკრძალა.

მოხუცთა თავშესაფრები სხვა ქვეყნებშიც გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგნენდა COVID-19-ისგან სიკვდილიანობის სტატისტიკაში. მაგალითად, კანადაში შემთვევების 80%-ი უკავშირდება მსგავს დაწესებულებებს, ამერიკაშიც სიკვდილიანობის 43%, თავშესაფარებში ფიქსირდებოდა; ასევე 2020 წლის 11 მაისის მონაცემებით პირველ ტალღაში თავშესაფრის ბინადრების სიკვიდიალობა ესპანეთში 66%-ს აღწევდა, ნორვეგიაში 61%-ს; ბელგიაში 51%;. იტალიაში - 52% 10 ოქტომბრიდან 25 მარტამდე.

მსგავს დაწესებულებებში COVID-19-ის  გავრცელების არიდება ისეთმა ქვეყნებმა შეძლეს, რომლებმაც მალევე დაიწყეს წერტილოვანი შეზღუდვები, ამის ნათელი მაგალითია იაპონია, სადაც COVID-19-ით მოხუცთა თავშესაფრის ბინადრების სიკვდილიანობა მხოლოდ 14%-ია. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ წინა წლებშიც იაპონია გრიპის ვირუსისგან ასაკოვნების დასაცავად ისედაც ამკაცრებდა ხოლმე მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტებს ყოველ თებერვალს - ამან კი ხელი შეუშალა პანდემიის გავრცელებას. უმრავლესობა სახელმწიფოებში, მათ შორის შვედეთშიც, წერტილოვანი შეზღუდვები მოხუცთა თავშესაფარებში შედარებით უფრო გვიან  ამოქმედდა. მეორე კატეგორიის ქვეყნებია სინგაპური და ახალი ზელანდია, რომლებმაც პირველ ტალღაში COVID-19-ის გავრცელება მოხუცთა თავშესაფრებში   საყოველთაო შეზღუდვებით შეაფერხეს, თუმცა საბოლოოდ ეს გზა უფრო ხარჯიანი აღმოჩნდა, რაზეც შემდგომ თავში ვისაუბრებ.

ქვეყნების მიხედვით COVID-19--ით სიკვდილიანობის შედარებისას ჩნდება  მეორე საკითხიც, რაც უკავშირდება  აღრიცხვიხ პრობლემას - რთულია იმის დადგენა, რამდენად არის კონკრეტულ შემთხევაში COVID-19-ი სიკვდილიანობის პირდაპირი თუ ნაწილობრივი მიზეზი. შვედეთს პანდემიით დაღუპულთა სტატისტიკაში შეჰყავს  ნებისმიერი სიკვდილიანობა, რომელსაც თან ერთვის 30 დღის განმავლობაში COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი. ამასთან დაკავშრებით შვედეთის ერთ-ერთი რეგიონში ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ  აღრიცხული შემთხვევებიდან მხოლოდ 15%-ში იყო პანდემია პირდაპირი მიზეზი, 15% საერთოდ არაფერ კავშირში არ იყო, ხოლო დანარჩენი 70% ნაწილობრივ იყო დაკავშირებული.

ამგვარი შეუსაბამობის გამო მნიშნელოვანია გადავხედოთ არა მხოლოდ COVID-19-ით სიკვდილიანობის მონაცემებს, არამედ შვედეთის  ნამატი სიკვდილიანობის სტატისტიკასაც.  2020 წლის მეორე კვარტალში, მაშინ როდესაც პანდემიის პირველი ტალღა მძვინვარებდა, შვედეთში ნამატი სიკვდილიანობის  მაქსიმალური ზრდა 12.93 პროცენტული პუნქტი იყო წინა წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო მეორე ტალღის განმავლობაში მხოლოდ 6.56 პროცენტული პუნქტი, მაშინ, როდესაც covid-19-ით სიკვდილიანობის სტატისტიკაში შვედეთის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეორე ტალღაში უფრო მაღალია ვიდრე პირვველში.

შვედეთის ნამატი სიკვდილიანობა (2019  წლიდან 2021 წლამდე)

Image removed.

წყარო: euromomo

მსგავსი განსხვავება ქვეყნების შედარებისას გარკვეულ შეუსაბამობებსაც გვაძლევს, მაგალითად, პანდემიის მეორე ტალღაში შვედეთს შვეიცარიაზე უფრო მეტი დღიური სიკვდილიანობა დაუფიქსირდა, თუმცა ნამატი სიკვდილიანობის სტატისტიკაში შვეიცარია ამ პერიოდის განმავლობაში აღემატება შვედეთისას- შვეიცარიაში ამ პერიოდში  ნამატი სიკვდილიანობის  მაქსიმალური ზრდა15.50 პროცენტული პუნქტი იყო. ანალოგიურია გერმანიის შემთხვევაშიც. 2020 წლის ნოემბრიდან თებერვლამდე თითქმის ყოველ ეტაპზე შვედეთი COVID-19-ით სიკვდილიანობით უსწრებდა გერმანიას, თუმცა ამ პერიოდში  ნამატი სიკვდილიანობის  მაქსიმალური ზრდა გერმანიას 12.64 პროცენტული პუნქტი დაუფიქსირდა. ამ ბუნდოვანების ფონზე, მხოლოდ COVID-19-ის სიკვდილიანობის სტატისტიკით ხელმძღვანელობა ზოგ შემთხვევაში შეიძლება შეცდომაში შემყვანიც აღმოჩნდეს.

ეკონომიკა 

  • მშპ-ის ზრდა 

COVID-19-ის გავრცელებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას - მთლიანი ეკონომიკა  2.8%-ით შემცირდა. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, მკვერთრად  შემცირდა  გლობალური მოთხოვნა და სახელმწიფო შეზღუდვებმა შეანელა ქვეყნების ეკონომიკური ზრდა.

გლობალური მოთხოვნის გამო, პანდემიამ იმ ქვეყნებსაც მიაყენა ზიანი, რომლებსაც მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესებიათ, ამის თვალსაჩინო მაგალითია შვედეთიც. COVID-19-თან   ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის მიუხედავად, 2020 წელს შვედეთის რეალური მშპ-ის ზრდა უარყოფითი დაფიქსირდა. ჯამში ეკონომიკა 2.8%-ით შეუმცირდა, თუმცა გლობალური მასშტაბით ეს კლება არ არის დიდი, ვინაიდან მთლიანად ევროპის რეგიონში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა:

მშპ-ის მიხედვით COVID-19-ისგან ყველაზე დაზარალებული განვითარებული ქვეყნების 10-ეული 

წყარო: IMF

მშპ-ის მიხედვით COVID-19-ისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალებული განვითარებული ქვეყნების 10-ეული 

წყარო: IMF

ირლანდიის გარდა, ყველა ჩამოთვლილი ქვეყანას 2020 წელს ეკონომიკა შეუმცირდა, მათ შორის შვედეთსაც, რაც ხაზს უსვამს შეზღუდვების დაწესების დანახარჯებს. ის ქვეყნებიც კი, რომელბსაც ჯამში ეკონომიკა ნაკლებად შეუმცრდათ, პირველ ტალღაში - მკაცრი შეზღუვდების პერიოდში, დიდი დანაკლისი იწვნიეს. თვალსაჩინოებისთის ახალმა ზელანდიამ მეორე კვარტალში 12.2% დაკარგა  უპრეცედენტოდ მკაცრი ზომების დაწესების გამო, მათ შორის საზღვრები ჩაუკეტა ყველას არამოქალაქეს (მარტიის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე) და დაიწყო ქვეყნის შიგნით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ლოქდაუნი დაწესება, რაც მოიცავდა სკოლების  და სამუშაოების დაკეტვას დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.

მეორე კვარტალში დაზარალდნენ ის ქვეყნებიც, რომელთაც არ გაუტარებიათ მკაცრი შეზღუდვები - ამის მაგალითია შვედეთიც - აპრილ ივნისის თვეებში შვედეთის ეკონომიკა 8.6%-ით შემცრიდა, რაც 1980 წლის შემდეგ რეკორდული კვარტალური კლებაა. ამის უმთავრესი მიზეზი იყო გლობალური მოთხოვნის შემცირება და ის ფაქტი, რომ შვედეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ექსპორტზე.

ამასთან ერთად, შვედეთის მოსახლოებამაც შეიცვალა ქცევა პანდემიის სიგნალების შესაბამისად, ამაზე მიუთითებს პირველი ტალღის პერიოდში შემირებული ხარჯვა- კოპენჰაგენის უნივერსიტეტმა სკანდინაავიის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ბანკ Danske Bank-იდან გამოითხოვა საკრედიტო მონაცემები, სადაც ჩანს, რომ, მსუბუქი შეზღუდვების მიუხედვაად, ხარჯვა მნიშვნელოვნად შემცირდა შვედეთშიც. თვალსაჩინოებისთვის, დანიაში დანახარჯები მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის დასაწყისამდე 29%-ით შემცირდა, ხოლო შევდეთში 25%-ით - ეს იმის ფონზე, რომ  დანიას უფრო მკაცრი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული, ვიდრე შვედეთს. ამასთან ერთად, შევედში 70 წელზე ზემოთ მოსახლეობამ უფრო მეტად შეამცირა ხარჯვა, ვიდრე დანიაში, ხოლო პირიქით მოხდა ახალგაზრდა საზოგადოების შემთხვევაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ლოქდაუნის გარეშეც მოსახლეობა რეაგირებს პანდემიის სიგნალებზე, რაც შემდგომ აისახება ეკონომიკაზეც.

შედეგად, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას 2020 წლის განმავლობაში ეკონომიკა შეუცირდა. თუმცა  ერთ-ერთი გამონაკლისია ირლანიდია, რომლის ეკონომიკაც იმ წელს 2.5%-ით გაიზარდა. ამის მთავარი მიზეზია ის ფაქტი, რომ ირლანდიას ყველაზე ნაკლებად შეეხო გლობალური მოთხოვნის კლება.

ირლანდიამ, რომელმაც ორივე ტალღის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა(80 ქულაზე მეტი) მოახერხა და წლის ბოლოს 2.5%-ით გაიზარდა. თუმცა, შიდა ეკონომიკა ირლანდიაშიც შემცირდა - 2020 წელს შიდა მოთხოვნა 5.5%-ით, შიდა მოხმარება კი 9%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით  - ეს კლება ორჯერ მეტია, ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდში. ამ ფონზე,  ეკონომიკური ზრდა განაპირობა ექსპორტმა, ვინაიდან ირლანდიაში არის ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიაა, რომლებიც ირლანდიას ევროპული ბაზარზე გასასვლელად იყენებენ , ამის საფუძველზე, 2015 წელს ირლანდიის ეკონომიკა 25%-ით გაიზარდა.

  • უმუშევრობა 

უმუშევრობის მიხედვით ყველაზე დაზარალებული განვითარებული ქვეყნების 10-ეული

წყარო: IMF

უმუშევრობის მიხედვით ყველაზე ნაკლებად დაზარალებული განვითარებული ქვეყნების 10-ეული

წყარო: IMF

მეორე საკითხი არის უმუშევრობა. 2020 წლის მთლიანი მონაცემებით განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობა კატასტროფულად არ შეცვლილა, თუმცა იმ ქვეყნებმაც კი, რომლებშიც უმუშევრობა 2020 წლოს ბოლოს ყველაზე ნაკლებად შეიცვალა, მოერე-მესამე კვარტალში დიდი ზრდა ჰქონდათ - ამის უმთავრესი მიზეზია პანდემიის პირველი ტალღა. თუმცა განვითარებულმა ქვეყნებმა იმ წელსვე მოახერხეს უმუშევრობასთან გამკლავება.  

მთელი წლის განმავლობაში შვედეთში შედარებით უფრო მეტად გაიზარდა უმუშევრობა, ამის მიზეზი შეიძლება იყო ერთის მხივ გახანგრძლივებული პანდემია, შეზღუდვები, და  ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა. Eurostat-ის მიხედვით, მარტში შვედეთში უმუშევრობა 6.6%-დან 9.5%-მდე გაიზარდა. მთავარი კლება კი სამასპინძლო-ტურისტულ სექტორში გამოვლიდნა - მიუხედავად იმისა, რომ შვედეთს რესტორნები და კაფეები არ დაუკეტავს, მოსახლეობამ დიდწილად შეამცირა მსგავს ლოკაციეზბე სიარული. 

იაპონიასაც კი, რომელსაც არც  მკაცრი შეზღუდვები დაუწესებია და პანდემიაც დიდად არ გავრცელებულა, უმუშევრობის მხრივ 10-ეულში შედის - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეზღუდვების და მაღალი გავრცელების გარეშეც გლობალური პანდემიის ფაქტორი  მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნების ეკონომიკას.

წყარო Labour market statistics

დასკვნა

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ პანდემიასთან ბრძოლისას შედარებით ნაკლები სიკვდილიანობა და ეკონომიკური ზარალი ძირითადად ორი ტიპის სახელმწიფოებს ჰქონდათ: პირველი, ქვეყნები, რომლებმაც პანდემიის გავრცელებამდე დააწესეს ძალიან მკაცრი შეზღუდვები და პარალელურად ეფექტური მონიტორინგის საშუალებით შეაჩერეს მეორე ტალღა - სამხრეთ კორეის, სინგაპურის და ახალი ზელანდიის მოდელი. მეორე ტიპის სახელმწიფოებს განეკუთხვნება ავსტრალია, იაპონია და სკანდინავიის ქვეყნები(ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია) - მათ მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესებიათ, ამის მიუხედავად პანდემიის გავრცელება  ძალიან დაბალი ჰქონდათ.

მსგავსი მაგალითების მიუხედვად, ბევრი შვედეთში COVID-19-ის სიკდილიანობისა და მაღალი გავრცელების მთავარ მიზეზად მსუბუქ შეზღუდვებს ასახელებს. ჰიპოტეტურ სცენარში,  შვედეთში “ლოქდაუნის” დაწესების შემთვევაში მშპ-ის განსხვავებად ყველაზე მცირე  1%-იც რომ აგვეღო, დანაკლისი 5 მილიარდის ფარგლებში გამოვიდოდა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რაოდენ დანახარჯიანია COVID-19-თან ბრძოლა მკაცრი შეზღუდვებით. მსგავსი ხარჯების პირობებში, რთულია იმის თქმა, რამდენად უკეთ გაართმებდა თავს შვედეთი მკაცრი შეზღუდვებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნების ფონზე, რომლებმაც პირველ ტალღაში მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად მეორე ტალღა ვერ აიცილეს: ესპანეთი, საფრანგებით, იტალია, საბერძნეთი და სხვა.

საბოლოოდ, განურჩევლად “მკაცრი” თუ “მსუბუქი” შეზღუდვებისა, პანდემიის პერიოდში ყველა სახელმწიფო ზარალდება, თუმცა ეს ზარალი გაცილებით მცირეა იმ ქვეყნებში, რომლებსაც მსუბუქი შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მაგალითად, მეორე კვარტალში თუ ახალი ზელანდიის ეკონომიკა 12%-ით შემცირდა, ნორვეგიის შემცირდა  5.1%-ით; ფინეთის -4.5% -ით. ის ფაქტიც, რომ სიკვდილიანობა ორივე ქვეყანას დაბალი ჰქონდა მიუთითებს იმაზე, რომ პანდემიასთან საბრძოლველად არ არის აუცილებელი მკაცრი შეზღუდვები. შვედეთის მაღალი სიკვდილიანობის და ინფიცირების მიზეზი, შესაბამისად, მხოლოდ მკაცრი შეზღუდვების დაწესება/არდაწესების კუთხით არ უნდა განვიხილოთ.

 

კომენტარები