ვაქცინაცია

გამყრელიძე: სამედიცინო სექტორში დასაქმებული 65 ათასი ადამიანიდან აცრილია 12 ათასამდე

როცა იმუნიზაციის გეგმა მზადდებოდა, ჩვენ გვქონდა 65 ათასი ადამიანის, - ვინც სამედიცინო სექტორშია დასაქმებული, - პერსონალური სია. ესენი არ არიან მხოლოდ ექიმები, ასევე ექთნები, უმცროსი და დამხმარე სამედიცინო პერსონალი. იქიდან დღეს დაახლოებით 12 ათასამდე ადამიანია აცრილი. ამ 12 000-ში ყველაზე მეტი, 50% არიან ექიმები. დღეს ქვეყანაში დაახლოებით 18 ათასი ექიმია, მათგან 6-დან 7 ათასამდეა აცრილი.

უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სამედიცინო პერსონალმა პანდემიის დროს ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. თუ ჩვენთან, მოსახლეობაში, საერთო ინფიცირება 7%-ია, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება 33%-ია, ანუ ამ 65 ათასი ადამიანიდან ინფიცირებულია 33%. მოგეხსენებათ, ჩვენთან ვაქცინაცია ინფიცირების შემთხვევაში 120 დღის შემდეგაა დაშვებული. ახალი ინიციატივაა, იმუნიზაციის საბჭოზე იხილება, რომ ეს 120 დღე შემცირდეს, ისევე როგორც რიგ ქვეყნებში - ეს გახლავთ 30-დან 90 დღემდე და, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სამედიცინო პერსონალი უფრო აქტიური იქნება აცრების პროცესში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მედიავებინარზე, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შესახებ საუბრისას.

კომენტარები