ჯანდაცვა

ტიკარაძე: წამლების საკითხი ძალიან მტკივნეულია, სახელმწიფოც ფასების მძევლად იქცა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ წამლებზე ფასების საკითხი ძალიან მტკივნეულია არამხოლოდ მოქალაქეებისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც, რომელიც ამ ფასების მძევლად იქცა.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით სამომავლო გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მტკივნეული იყოს რამდენიმე კომპანიისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან სასარგებლო მოქალაქეებისთვის.

"მედიკამენტების საკითხი ძალიან მტკივნეულია და სახელმწიფო, როგორც ჩვენი მოქალაქეები, გარკვეულწილად, იქცა ამ ფასების მძევლად; აქ მნიშვნელოვანია ცოტა უფრო მეტად, ალბათ შეიძლება, უფრო მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაც. ეს გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მტკივნეული იყოს რამდენიმე ერთეულისთვის, თუმცა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედია, ამ ბრძოლაში, რომელსაც აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება დამიჭერს მხარს, ვინაიდან ეს არ არის მარტო ჩემი ბრძოლა, ეს ჩვენი ერთობლივი მიზანია, იმისათვის რომ აღსდგეს სამართლიანობა და მედიკამენტზე, რომლის ღირებულებასაც სახელმწიფო ფარავს და საკმაოდ დიდია ამ მიმართულებით ბიუჯეტი, ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ფასის შეთანხმება ერთი წლით მაინც.

ფარმაცევტულ სექტორსა და სახელმწიფოსა შორის ყოველთვიური ვაჭრობა არ უნდა წარიმართოს, რითაც  შემდეგ ისინი ქმნიან გარკვეულ დეფიციტს და ჩვენ ყოველთვიურად გვიწევს გარკვეული ახსნა-განმარტებების მიცემა, მედიის საშუალებით, საზოგადოებისთვის და თავის მართლებაც. ამ მიმართულებით თავი სამართლებელი არ გვაქვს, უბრალოდ, საჭიროა, გადაიდგას მეტად უფრო თამამი ნაბიჯები და ეს ნაბიჯებიც არ არის დამანგრეველი, ვინაიდან მთელი ევროპის ბაზარი ასე რეგულირდება". – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

წინა წელთან შედარებით, 2021 წელს ჯანმრთელობის დაცვა 13.6%-ით გაძვირდა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.3%-ით) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12%-ით) ქვეჯგუფებზე

კომენტარები