ბელარუსი

ბელარუსის სასამართლომ ოპოზიციონერ ვიქტორ ბაბარიკოს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ვიკტორ ბაბარიკო
AFP

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ ბანკირსა და ბელგაზპრომბანკის თავმჯდომარეს, ვიქტორ ბაბარიკოს, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ვიქტორ ბაბარიკო 2020 საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ ოპონენტად მიიჩნეოდა, თუმცა ის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დააკავეს, მას ფულის გათეთრებასა და კორუფციაში სდებდნენ ბრალს. ბაბარიკო ბრალს არ აღიარებს.

ვიქტორ ბაბარიკოს 57 000 დოლარიანი ჯარიმის გადახდაც დააკისრეს. სასამართლომ ასევე "მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად" 46 მილიონი ბელარუსული რუბლის ($18 მილიონი) გადახდა დაავალა.

ბაბარიკოს ადვოკატის, დმიტრი ლაევსკის ცნობით, დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას აპირებს, რადგან განაჩენი დაფუძნებულია ბრალდებებზე, რომლებიც კანონის ფარგლებს სცდება.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმის შესახებ ბაბარიკომ 2020 წლის მაისში გამოაცხადა და ის ლუკაშენკოს მთავარ მეტოქედ ითვლებოდა. ივნისში ბელგაზპრომბანკის ოფისები სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს, ბაბარიკო კი დააკავეს. მას ასევე უარი უთხრეს არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირებაზე.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს გაიმართა. არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები