პრაიდის კვირეული

ბოკერია: ეს არის ღია ალიანსი ივანიშვილის რეჟიმსა და პუტინისტებს შორის

დღეს არის უმძიმესი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენს თვალწინ არის ღია ალიანსი ივანიშვილის რეჟიმსა და პუტინისტური მოძალადე ჯგუფებს შორის. ეს ხალხი ღიად გვეუბნება, რომ ისინი მხოლოდ ერთ უმცირესობის ჯგუფს კი არ უპირისპირდებიან, უპირისპირდებიან იდეას თავისუფალი საქართველოს და დასავლური არჩევანის და გვექაჩებიან პუტინისტური ჭაობისკენ. ისინი დღეს თავს დაესხნენ აქტივისტებს პარლამენტის წინ, ხელისუფლების ოპონენტებს, სირცხვილიას ოფისს, მედიასა და ჟურნალისტებს განსაკუთრებული სისასტიკით. სიმბოლურად ჩამოხიეს ევროკავშირის დროშა. არც მალავენ ამას და ბრმები უნდა ვიყოთ პოლიტიკურად, რომ ეს ვერ დავინახოთ და ამ უბედურების ძირი არის ივანიშვილის რეჟიმში და ყველა იმ ადამიანში, განსაკუთრებით იმ სასულიერო პირებში, ვინც რელიგიის სახელით ამ სიძულვილს და ამ პუტინისტურ არჩევანს თავს ახვევს ამ ქვეყანას. 

აქედან გამოსავალი არის საზოგადოების მობილიზება ხელისუფლების შესაცვლელად. ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების გარეშე, ჩვენს ქვეყანას შანსი არ აქვს ამ ჭაობიდან ამოსვლის.

ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პუტინისტური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებზე. 5 ივლისს, დილის 10 საათიდან შეკრებილმა ჯგუფებმა ჯერ პარლამენტთან ოპოზიციის კარვები დაარბიეს, შემდეგ სირცხვილიას ოფისის სადარბაზო და თბილისი პრაიდის ოფისის აივანი. თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს. 

კომენტარები