ავღანეთი

აშშ-მ ავღანეთში მთავარი სტრატეგიული წერტილი, ბაგრამის ავიაბაზა დატოვა

აშშ-სა და NATO-ს ძალებმა ავღანეთში მთავარი ბაზა, ბაგრამის ავიაბაზა დატოვეს

"ყველა ამერიკელმა სამხედრომ და NATO-ს ძალების წევრმა ბაგრამის ავიაბაზა დატოვა". – თქვა აშშ-ს უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

საბჭოთა ჯარების მიერ აშენებული აეროდრომი, რომელზეც აშშ-ს ავღანეთში შეჭრის შემდეგ ბაგრამის ავიაბაზა აშენდა, ამერიკისა და NATO-ს ძალების საჰაერო ოპერაციების მთავარი წერტილი იყო. აქედან ხდებოდა ქაბულის მთავრობის მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა. ბაზა ქაბულის ჩრდილოეთით, დედაქალაქიდან 2 საათის გზის დაშორებით იმყოფება. 

ბაგრამის ავიაბაზის დატოვება ამერიკისთვის მის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ ქაბულში აშშ-ს ძალებს კიდევ ერთი ბაზა აქვთ დასატოვებელი. 

თალიბანმა აშშ-ს ავიაბაზის დატოვებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბაზის დატოვება პოზიტიურ ნაბიჯად მიგვაჩნია. ავღანელები სტაბილურობასა და მშვიდობას უცხოელთა სრულად დატოვების შედეგად მიუახლოვდებიან". – თქვა თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა Reuters-თან.

ბაზის ავღანეთის მთავრობისთვის გადაცემის ცერემონია შაბათს, 3 ივნისს გაიმართება. 

აშშ-ს უსაფრთხოების ორი წარმომადგენლის თქმით, 4 ივლისისთვის ავღანეთს აშშ-ს ჯარების უმეტესობა დატოვებს. დარჩება უმნიშვნელო რაოდენობის სამხედრო ძალა, რომელიც აშშ-ს საელჩოს დაიცავს. 

გასულ თვეში თურქეთს ჰქონდა შეთავაზება, რომ მათი ძალები ბაგრამის ავიაბაზას შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში დაიცავდა. ამას მოჰყვა თალიბანის უკმაყოფილება. მათი თქმით, ავიაბაზა 2020 წლის შეთანხმების მიხედვით, თურქეთსაც უნდა დაეტოვებინა.

26 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის, თეთრ სახლში შეხვდა.

"ავღანელებს თვითონ მოუწევთ, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, თუ რა სურთ. უგუნური ძალადობა უნდა შეწყდეს". – თქვა შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ აშშ ავღანეთის დახმარებას არ შეწყვეტს. 

პარალელურად, ავღანეთში დაძაბული სიტუაციაა და თალიბანი უფრო და უფრო იმყარებს გავლენას და იკავებს რაიონებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა აშშ-ს დაზვერვის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქაბულის მთავრობა აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ, შესაძლოა, 6-12 თვეში დაეცეს.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ჯარის გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გადაიდო. ამჟამად აშშ-ს ჯარების ქვეყნიდან გასვლა ბოლო ვადიდან თითქმის 2 თვით ადრე სრულდება. 

პარალელურად, მშვიდობიანი მოსახლეობა იარაღდება, უერთდება ავღანეთის სამთავრობო ძალებს და თალიბანთან ბრძოლისთვის ემზადება, თუკი ეს საჭირო გახდება. 

კომენტარები