რამან პრატასევიჩის დაკავება

ბელარუსი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და სოფია საპეგა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

სოფია საპეგა და რამან პრატასევიჩი
BBC

ბელარუსი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი და მისი პარტნიორი, სოფია საპეგა, რომლებიც 23 მაისს მინსკში Ryanair-ის ავიარეისის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, შინაპატიმრობაში არიან გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს

შინაპატიმრობის შესახებ BBC-ის ინფორმაცია დაკავებულთა მშობლებმა მიაწოდეს. საპეგას მშობლების თქმით, მათი შვილი ახლა მინსკში ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობს. ის 2-3 დღეა, რაც შინაპატიმრობაში იმყოფება. 

საპეგას მამინაცვლის თქმით, ისინი ამ ცვლილებით გაკვირვებულები არიან. მშობლებს შვილთან შეხვედრის დროც მისცეს. მათი თქმით, ისინი სოფიას რესტორანში შეხვდნენ და დრო განსაზღვრული არ ყოფილა. 

"რა თქმა უნდა, გვიხარია, ციხეში რომ არ არის, ეს სრულიად სხვა საცხოვრებელი პირობებია. არ გვჯეროდა" – თქვა საპეგას მამინაცვალმა. 

სოფია საპეგა რუსეთის მოქალაქეა, ამიტომაც, როგორც BBC იუწყება, შესაძლოა, ის მალე მოინახულოს რუსეთის კონსულმა.

რამან პრატასევიჩის შინაპატიმრობაში გადაყვანაზე კომენტარი BBC-სთან მისმა მამამ გააკეთა. 

"მიჭირს მთავრობის ქმედებაზე კომენტარის გაკეთება, რა მიზნები აქვთ. იქნებ, პოლიტიკური თამაშია". – თქვა დმიტრი პრატასევიჩმა. მისი თქმით, რამანსა და სოფიას ბრალდებები არ მოხსნიათ და მათ კითხვებზე სასამართლოც და მთავრობაც დუმს. 


ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი გოგონა, სოფია საპეგა 23 მაისს მინსკში დააკავეს. პრატასევიჩის დასაკავებლად პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა. გამანადგურებელმა თვითმფრინავმა რეისი #FR4978, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, აიძულა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. სოფია  საპეგა ორი თვით არის დაპატიმრებული.

25 მაისს ბელარუსის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Ryanair-ის ბორტზე ბომბის შესახებ შეტყობინება ჰამასისგან მიიღო. უწყების გავრცელებული წერილის თანახმად, ჰამასი ისრაელისგან ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავი ვილნიუსის თავზე აფეთქდებოდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ბელარუსის ბრალდება უარყო.

თვითმფრინავის იძულებით დასმას და პრატასევიჩის დაკავებას აქტიური საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.ევროკავშირმა ბელარუსს შეუჩერა 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი. უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს დიდ ბრიტანეთშიც. გაერთიანებულმა სამეფომ რამან პრატასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა.

გარდა ამისა ევროპული საბჭო ზომებს იღებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ბელარუსის ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვისთვის.

რამან პრატასევიჩი ბელარუსი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი აქტივისტია. 2019 წლამდე ის ბელარუსში სხვადასხვა მედიასთან თანამშრომლობდა. 2019 წელს ის პოლონეთში გადავიდა და მოგვიანებით პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა.

პრატასევიჩი სტეპან პუტილოსთან ერთად Telegram-არხის Nexta Live-ის თანადამფუძნებელია. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტების დროს Nexta ერთ-ერთი მოწინავე ოპოზიციურ მედიად იქცა. 2020 წლის სექტემბერში პრატასევიჩმა Nexta დატოვა.

2020 წლის ოქტომბერში Nexta ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. 5 ნოემბერს კი პრატასევიჩის და პუტილოს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. 19 ნოემბერს კი ბელარუსულმა KGB-მ ისინი ტერორისტთა სიაში შეიყვანა. 2021 წლის მარტიდან რამან პრატასევიჩმა belamova-ს ტელეგრამ-არხისთვის დაიწყო მუშაობა.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები