ევროპული საქართველო

კანდელაკი მდინარაძეზე: ეს ინტელექტუალები დიდი ხანია, Сам Дурак-ის პრინციპით მოქმედებენ

ევროპული საქართველოს მდივანი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, გიორგი კანდელაკი ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. 

მამუკა მდინარაძემ მთავარი არხის ეთერში კიდევ ერთხელ გაიმეორა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გავრცელებული მითი, რომ საქართველომ თითქოს ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომელიც ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდა. 

"ბატონი მდინარაძე და სხვა ვარსკვლავები, ინტელექტუალები ქართული ოცნებისა, უკვე დიდი ხანია, Сам Дурак-ის პრინციპით მოქმედებენ. მაშინ, როცა მათ გააქრეს საქართველოს საკითხი საერთაშორისო მაღალი დონის ასპარეზიდან, პრეზიდენტ ბაიდენს არცერთი სიტყვა არ უხსენებია საქართველოს შესახებ, იხსენებენ რაღაც რეზოლუციებს, რომელიც სინამდვილეში არის პირველი ჩვენთვის მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელიც მომავალში დეოკუპაციის საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება და, რა თქმა უნდა, ეს დეოკუპაცია არანაირად არ აკისრებს ომის დაწყების პასუხისმგებლობას საქართველოზე". – თქვა გიორგი კანდელაკმა. 

მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა ისკანდერის რაკეტებზეც. ქართული ოცნების წევრის თქმით, ისკანდერის რაკეტების ნაწილები 2012 წლამდე გამქრალი იყო და ამერიკული პარტნიორების დახმარებით მოიძია ქართულმა ოცნებამ, რათა სტრასბურგის სასამართლოში მტკიცებულებად წარედგინა. გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ეს მასალა ამერიკულ მხარეს მაშინდელმა ხელისუფლებამ თავად გადასცა. 

"2008 წლის ომის დროს რუსეთმა გამოიყენა ისკანდერის რაკეტები, გორის ცენტრში თქვენ იცით, რომ ისკანდერის რაკეტის ნამსხვრევებს შეეწირა ჰოლანდიელი ჟურნალისტი და საქართველომ თავად გადასცა ამ რაკეტის ნამსხვრევები ამერიკულ მხარეს, მათ სურდათ ამის შესწავლა და ჩვენ, როგორც მოკავშირეს, გავუზიარეთ.

ასე რომ, ამ შეთქმულების თეორიების ძიებას და სისულელეების რახა-რუხს, სჯობს, ქართულმა ოცნებამ გასცეს პასუხი, რატომ გაქრა საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხი და რატომ არ ახსენა პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველო არცერთხელ პუტინთან შეხვედრის შემდეგ და რატომ შეწყვიტა საქართველომ ძალისხმევა, იმისათვის, რომ წინ წაიწიოს NATO-სკენ გზაზე". – ამბობს გიორგი კანდელაკი. 

კომენტარები