პერუ

პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატი, პედრო კასტილო იმარჯვებს

პედრო კასტილო
GETTY IMAGES

პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე კანდიდატი პედრო კასტილო იმარჯვებს. კასტილომ ხმების 50%-ზე მეტი, მოწინააღმდეგეზე 44 000-ხმით მეტი მოიპოვა.

თუმცა სანამ საარჩევნო კომისია არ განიხილავს გაყალბების შესაძლო შემთხვევებზე კასტილოს მეტოქის, კეიკო ფუჯიმორის საჩივრებს, პედრო კასტილო გამარჯვებულად ოფიციალურად ვერ გამოცხადდება.

საპრეზიდენტო არჩევნებში 18.8 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ამომრჩევლების აქტივობა 75% იყო. დამკვირვებლების თანახმად, ფუჯიმორის საჩივრების განხილვას, შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს. თუმცა, კასტილომ გამარჯვება უკვე გამოაცხადა.

"დღევანდელი დღე არამხოლოდ სიხარულის, არამედ დიდი პასუხისმგებლობის დღეა. დღეს იწყება ბრძოლა ჩვენს სამშობლოში უთანასწორობის დასასრულებლად". – თქვა კასტილომ.

პედრო კასტილო ყოფილი სკოლის მასწავლებელი და პროფკავშირის თავმჯდომარეა.

პედრო კასტილომ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, გამოეცხადებინათ შედეგები და პატივი ეცათ ხალხის არჩევანისთვის.

კეიკო ფუჯიმორო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იღებს მონაწილეობას, საჩივრების განხილვის აუცილებლობაზე საუბროს. ფუჯიმორი ყოფილი პრეზიდენტის ალბერტო ფუჯიმორის შვილია. ალბერტო ფუჯიმორი 25 წლიან სასჯელს იხდის კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. თავად კეიკო ფუჯიმორის წინააღმდეგ გამოძიება ფულის გათეთრებასთან და კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ფუჯიმორი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.

კომენტარები