ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე იაკობი ომბუდსმენზე: ჯერ თბილისში შევხვდები, ცივილიზებულად დავილაპარაკებთ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი დირექტორის, ბოდბელი მიტროპოლიტის, იაკობის თქმით, პანსიონში შეშვებამდე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ჯერ თბილისში შეხვდება.

"სანამ არ გავერკვევი ბოლომდე, რა ხდება, მანამდე ახლა ბავშვებთან შეშვებაზე... ძალიან დასტრესილები არიან და, მით უმეტეს, ახლა შემოვიდნენ და კითხვები თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას... აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან, სანდო ხალხია. ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს. მე გუშინაც ვთქვი, ჯერ თბილისში შევხვდები, შემდგომ ცივილიზებულად დავილაპარაკებთ, არ ვარ ის ადამიანი, ყველანაირად ვიცი, სანამ ბავშვები ამ მდგომარეობაში არიან, მე მართალი ვიქნები, რომ არავინ არ მივაკარო ადვოკატის გარეშე. დალაგება მინდა აქ სიტუაციის, აი, გარედან ძალიან აურიეს". – თქვა მეუფე იაკობმა. 

14 ივნისს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ თანამდებობას აქამდე მიტროპოლიტი სპირიდონი იკავებდა. მიტროპოლიტ იაკობის თქმით, პანსიონში სახალხო დამცველის შეშვებაზე საუბარი "ჯერ ადრეა".

5 ივნისს სასამართლომ PHR-ის მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ დააკმაყოფილა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ანა აბაშიძის თქმით, ბავშვების დაწესებულებიდან გაყვანა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ღლონტმა მიიღო.  

PHR-ის წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ კანონმდებლობით ორგანიზაციისთვის განსაზღვრული სპეციალური მოსარჩელის სტატუსიდან გამომდინარე, განაჩენში არსებობს ტექნიკური ჩანაწერი პანსიონიდან მხოლოდ შშმ ბავშვების გაყვანის შესახებ, მაგრამ, მისივე თქმით, თუ პანსიონში საფრთხე არსებობს, რომელზეც მოსამართლეც საუბრობს, არ შეიძლება იქ რომელიმე ბავშვი დარჩეს. 

საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფმა საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია გმობს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას.  ორგანიზაცია ასევე გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას და იმედოვნებს, რომ 5 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილება ბავშვთა სახლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციარების გაყვანის შესახებ იქ მყოფ ყველა ბავშვზე გავრცელდება. 


4 ივნისს სხალთის ეპარქიამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში გაავრცელა. ვიდეოში მონაწილე არასრულწლოვანების იდენტიფიცირება სრულად არის შესაძლებელი. 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც და სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის განგრძობად ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა. ფაქტის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც. 

2 ივნისს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

კომენტარები