NATO-საქართველო

კანდელაკი: რეალობაა, რომ ნატოში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი გაყინა თავად საქართველომ

Facebook/ Giorgi Kandelaki

"რეალობა არის ასეთი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხი გაყინა თავად საქართველომ. ასეთია რეალობა და მდგომარეობის სხვაგვარად აღწერა იქნებოდა შეცდომა და თანაც, ძალიან სერიოზული". – ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი NATO-ს უკანასკნელი სამიტის შედეგად გამოქვეყნებულ კომუნიკეს გამოეხმაურა.

კანდელაკის თქმით, კომუნიკეში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის ნათქვამი.

"როგორც ჩანს, ამ სამიტის კომუნიკედან, ნატოში გაწევრიანების კონტექსტში ამ სამიტიდან საქართველომ ვერ მიიღო ვერაფერი. აბსოლუტურად ვერაფერი. ჩვენში გავრცელებულია აზრი და საქართველოს მხარდამჭერებს შორისაც, რომ შეიძლება ისე ინტენსიურად არა, როგორც წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ საქართველო მაინც ცდილობს, წინ წაიწიოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე". – თქვა კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, ის არგუმენტი, რომ ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგში დაყენებას გერმანიის პოზიციები უშლის ხელს, უკვე წლებია, რეალობას არ შეესაბამება.

"სამწუხაროდ, დიდი ხანია, მდგომარეობის ასეთი აღწერა რეალობას აღარ ასახავს. მართალია, გერმანიის დაყოლიება მართლაც რთული საკითხია, მაგრამ 2014 წლის შემდეგ, როცა დასავლეთის დამოკიდებულება უკრაინის ამბების გამო რუსეთის მიმართ შეიცვალა, ეს საკითხი ბევრად ნაკლებად რთული გახდა, ვიდრე ადრე". – ამბობს კანდელაკი

კანდელაკის თქმით, გერმანიის დაყოლიებისთვის საჭირო არის საქართველოს მხრიდან აქტიური დიპლომატია და ძლიერი ლობირება ნატოს ყოველი სამიტის წინ, რასაც საქართველო უკვე დიდი ხანია, აღარ აკეთებს.

"უკვე დიდი ხანია, საქართველომ ასეთი აქტიური ლობირება წევრობის საკითხზე, კონკრეტულად წევრობის პოლიტიკურ საკითხზე წინ წასაწევად და არა თანამშრომლობის საკითხზე, რადგან წევრობა და თანამშრომლობა ორი სხვადასხვა რაღაცაა, შეწყვიტა". – თქვა კანდელაკმა.


14 ივნისს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) სამიტი გაიმართა. სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოც იყო. ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის ტერიტორიულ სუვერენიტეტს და რუსეთს აგრესიის დასრულებისკენ მოუწოდა.

2021 წლის NATO-ს სამიტის მთავარი თემები რუსეთი, ჩინეთი, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები იყო. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაუარესებული.

კომენტარები