NATO-ს სამიტი 2021

ვიმეორებთ, საქართველო გახდება ალიანსის წევრი – მთავარი გზავნილები NATO-ს სამიტიდან

14 ივნისს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) სამიტი გაიმართა. სამიტზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოც იყო. ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქვეყნის ტერიტორიულ სუვერენიტეტს და რუსეთს აგრესიის დასრულებისკენ მოუწოდა.

"მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს სამხედრო დანაყოფები, რომლებიც განთავსებულია სამივე ქვეყანაში მათი ნებართვის გარეშე.

[...] მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება; შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და ძალისმიერი მცდელობა, რათა გამოყოს ეს რეგიონები დანარჩენი საქართველოსგან, რასაც აგრძელებს  ხელოვნური საზღვრის მშენებლობის გზით.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ". – ნათქვამია სამიტის კომუნიკეში.

სამიტის დასკვნით დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის გამეორებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი სამოქმედო გეგმასთან ერთად (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილი.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, რომ გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი გარე ჩარევების გარეშე. როგორც გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო ალიანსთან მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ საკითხში.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც გამოხატავს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე - რუსეთის მიერ მზარდი დესტაბილიზაციისთვის ჩადენილი მოქმედებების საპასუხოდ და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს NATO-საქართველოს განახლებული პაკეტის განსახორციელებლად". – ვკითხულობთ კომუნიკეში.

NATO მიესალმება საქართველოში პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს უჭერს მის სრულად იმპლემენტაციას. ორგანიზაცია გამოთქვამს მზად ყოფნას, რომ გაიზარდოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ტრენინგებსა და წვრთნების ფორმით. 

"მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს პროგრესის გზაზე და მხარს ვუჭერთ მის სრულად იმპლემენტაციას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ალიანსში გაწევრიანების პროცესში მომზადებისას.

მზად ვართ, NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმებში, რომლებიც საქართველომ განახორციელა და რომლებიც უნდა გაგრძელდეს. ისინი დაეხმარა საქართველოს ალიანსთან თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებასა და შეთავსებაში.

მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგობის გაძლიერების, ტრენინგებისა, წვრთნების და უსაფრთხო კომუნიკაციების საკითხებში. ჩვენ ველით NATO-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს". – აღნიშნულია სამიტის კომუნიკეში. 

2021 წლის NATO-ს სამიტის მთავარი თემები რუსეთი, ჩინეთი, კიბერუსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები იყო. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან ურთიერთობები ცივი ომის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაუარესებული.

კომენტარები