ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი: ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მკვლელობის ჩვევა

ვლადიმირ პუტინი NBC-ის ინტერვიუზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს მედიას, NBC-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში ჟურნალისტი და პუტინი სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ, მათ შორის ადამიანთა უფლებებზე. 

ამერიკელმა ჟურნალისტმა პუტინს კითხვა ნავალნისა და ოპოზიციის შესახებ დაუსვა.

"მოდით  ადამიანთა უფლებებზე შეგეკითხებით. ეს იქნება თემა, რომელსაც პრეზიდენტი ბაიდენი [16 ივნისს] შეხვედრაზე წამოჭრის. ის ისაუბრებს ალექსეი ნავალნიზე, სხვადასხვა მკვლელობებზე, იმის შესახებ, თუ ვინაა ახლა ციხეში. ბატონო პრეზიდენტო, რატომ გაშინებთ ასე ოპოზიცია?" – ჰკითხა ჟურნალისტმა პუტინს. 

ვლადიმირ პუტინმა ამ შეკითხვას უპასუხა, რომ სასაცილოა, თითქოს მას ოპოზიცია აშინებს. ამ პასუხის შემდეგ ამერიკელმა ჟურნალისტმა უცხოეთის აგენტის კანონი ახსენა, რომლითაც რუსეთში ოპოზიციონერებსა და თავისუფალ მედიას ებრძვიან. პასუხად პუტინმა გასული საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ში შემოღებული ჯაშუშთა საწინააღმდეგო კანონის მაგალითი მოიყვანა და ჟურნალისტის შეკითხვას პირდაპირ არ უპასუხა. 

ამერიკელმა ჟურნალისტმა პუტინს პირდაპირ ჰკითხა, გასცა თუ არა მან ალექსეი ნავალნის მოკვლის ბრძანება.

"რა თქმა უნდა, არა. პირველ რიგში, ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მკვლელობის ჩვევა. მეორეც, თქვენ გაეცით ბრძანება, მოგეკლათ ქალი, რომელიც კონგრესში შევიდა და პოლიციამ ესროლა?" – უპასუხა პუტინმა შეკითხვას და ახსენა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს დაჭრილი ქალის გარდაცვალების შემთხვევა.

კომენტარები